დამატებითი ინფორმაცია საფინანსო სექტორში ცვლილებებთან დაკავშირებით

დამატებითი ინფორმაცია საფინანსო სექტორში ცვლილებებთან დაკავშირებით

03 მარტი, 2022

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას ფინანსური სანქციები დაუწესა. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.

აღნიშნული სანქციები ასევე გავრცელდა საქართველოში მოქმედ სს "ვითიბი ბანკ საქართველოზეც". ამ პირობებში ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვა უპირველესი ამოცანა იყო. ამ მიზნით, სს "ვითიბი ბანკი საქართველოსა" და სს "ბაზის ბანკს" შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც  სს "ვითიბი ბანკ საქართველოში" არსებული ფიზიკური პირების ანაბრები და სესხები ბაზის ბანკში გადავიდა. მეანაბრეთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის უზრუნველსაყოფად, კონსულტაციები საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შორის გაგრძელდა. კონსულტაციების შედეგად, სს "ვითიბი ბანკ საქართველოსა" და სს "ლიბერთი ბანკს" შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" იურიდიული პირების დეპოზიტებისა და სესხების გარკვეული ნაწილი სს "ლიბერთი ბანკში" გადავა. სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" მომხმარებლებს აღნიშნულის შესახებ ბანკები დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად აწვდიან.


შეთანხმება ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების გადაცემას სს "ლიბერთი ბანკისთვის". მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და 3 მარტიდან ეტაპობრივად სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს "ლიბერთი ბანკი" თავის ფილიალებში მოემსახურება. შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნებათ სს "ვითიბი ბანკი საქართველოს" მომხმარებლებს. ინფორმაციის მიღება ასევე  შესაძლებელი იქნება სს "ვითიბი ბანკ საქართველოს" ქოლცენტრსა და მომსახურე ბანკირებთან.


კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედება ყოველთვის სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან და თავის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას - იყოს ქართული საფინანსო სექტორის თითოეული მეანაბრის თანხების დაცვის გარანტი - ამ პირობებში ასრულებს.

სხვა სიახლეები