მარიამ ჭანტურია, გიორგი გიგინეიშვილი, თამთა სოფრომაძე, შალვა მხატრიშვილი
აღნიშნული პოლიტიკის კვლევა მიზნად ისახავს ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთის კონცეფციისა და მნიშვნელოვნების განმარტებას. მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებისთვის ნეიტრალური განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის პოზიციის შესაფასებლად მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს. ასევე, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკის რეაქციის ფუნქციებში, რომლებითაც გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნეიტრალური განაკვეთი დაუკვირვებადი ცვლადია, რაც მისი შეფასების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და, შესაბამისად, მისი ინტერპრეტაცია ხშირად დისკუსიის საგანია. ზოგადად, ნეიტრალური განაკვეთის შეფასების მეთოდოლოგია და ხედვები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. აღნიშნულ კვლევაში, ნეიტრალური განაკვეთის შესაფასებლად რეალური დაუზღვეველი საპროცენტო განაკვეთის პარიტეტის პირობა (UIP) არის გამოყენებული, რომელიც, თავის მხრივ, ნახევრად სტრუქტურული ახალი კეინზიანური ქართული ეკონომიკის მოდელის (GEMO) ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამ უკანასკნელს კი საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) პროგნოზირებისა და ანალიზის პროცესში იყენებს. მოცემულ კვლევაში, ჩვენ ცალსახად ვმიჯნავთ მოკლე და გრძელვადიან ნეიტრალური განაკვეთებს საქართველოს კონტექსტში და ხაზს ვუსვამთ მოკლე და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების როლს ამ განაკვეთების ჩამოყალიბებაში. გრძელვადიანი ნეიტრალური განაკვეთის შეფასება კალიბრირებულ წონასწორულ დონეებს, ხოლო მოკლევადიანი ნეიტრალური განაკვეთი - ტრენდების შეფასებას ეფუძნება. საბოლოოდ, ამ კვლევის მიზანია საქართველოს ნეიტრალური განაკვეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება.