საერთაშორისო სემინარი "თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები"
    თარიღი:23 მაისი, 2017

    საერთაშორისო სემინარი "თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები"

    2017 წლის 23-25 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი - "თანამედროვე შიდა აუდიტი - ახალი მიდგომები", რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე შიდა აუდიტის როლის განხილვას ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების კუთხით, ასევე, შიდა აუდიტის გამოწვევების, რისკებისა და პერსპექტივების შესახებ გამოცდილების გაზიარებას.

    ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდის ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნების - ჰოლანდიის, ჩეხეთის, უნგრეთის, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთის, ლიტვის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და  სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების შიდა აუდიტორები.


    ამასთან, ქვეყანაში აუდიტის ფუნქციის მზარდი როლის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის ინიციატივით, ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) შიდა აუდიტის ფუნქციის წარმომადგენლებმა.


    შეხვედრას უძღვებოდნენ შიდა აუდიტის სფეროს ცნობილი ექსპერტები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკიდან - რობერტ კორნელისი და ანეტ მანი. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ცვლილებები შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებში, რისკზე დაფუძნებული შიდა აუდიტის მიდგომა, თაღლითობის რისკის შეფასება, თაღლითობის პრევენცია და აღმოჩენა, თაღლითობის კვლევის ტექნიკა, შიდა აუდიტის დამატებითი ღირებულება კორპორატიულ მმართველობაში, დაცვის მესამე ხაზის ღირებულების მაქსიმიზაცია, შიდა აუდიტის ეფექტურობის შეფასება და გაუმჯობესება.


    ღონისძიება გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც  ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის აქტიური თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ორგანიზაციის მიღწევებს შიდა აუდიტის სფეროში. ასევე, აღნიშნა ბოლო ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე საერთაშორისო ექსპერტებსა და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების და საქმიანი თანამშრომლობის გაღრმავების არსებითობა.