საჯარო კომპანიები და საჯარო ფასიანი ქაღალდები

    საჯარო შეთავაზების ჩარჩო

     

    ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება წარმოადგენს წინადადებას არანაკლებ 100 პირისათვის ან წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობის პირთათვის ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ. საჯარო შეთავაზების საფუძველზე განთავსებული ან/და საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს საჯარო ფასიან ქაღალდებს, ხოლო მათი ემიტენტი - საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს.

     

    საჯარო შეთავაზება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან მისი გამოქვეყნების შემდეგ. საჯარო შეთავაზების განსახორციელებლად, ემიტენტმა საბროკერო კომპანიასთან ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტთან უნდა დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისათვის არ განიხილება , როგორც საჯარო შეთავაზება. 

     

    საჯარო შეთავაზება შესაძლოა განხორციელდეს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროსპექტის გარეშე ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში*:

     

    • საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზება;
    • უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზება ან/და  იმ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე, რომლებიც დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე;
    • საწარმოს არსებული აქციონერებისთვის დივიდენდის სახით გაცემულ იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელთა მფლობელებსაც წარმოადგენენ აღნიშნული აქციონერები;
    • თანამშრომელთა ანაზღაურების სქემის მეშვეობით, საწარმოს არსებული თანამშრომლებისა და არსებული ან ყოფილი მმართველი ორგანოს წევრებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან/და განაწილება;

     

    დამატებით, დეპოზიტარული ხელწერილით წარმოდგენილი ისეთი ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისას, რომელიც სავაჭროდ არის დაშვებული უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე,  ეროვნული ბანკის მიერ მტკიცდება მხოლოდ დეპოზიტარული ხელწერილის შეთავაზების პირობების დოკუმენტი.

     

    ემისიის პროსპექტი

     

    ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და საჯარო შეთავაზების განაცხადის სახით წარუდგენს კანონმდებლობით მოთხოვნილ დოკუმენტებს, მათ შორის ემისიის პროსპექტს, „სდპ“ აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშგებებს ბოლო 2 სამეურნეო წლისთვის, მიმდინარე ფინანსურ ანგარიშგებებს, ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, შესაბამის გადაწყვეტილებებს, საინფორმაციო/სარეკლამო მასალებს, რომლებიც შეთავაზების ფარგლებში მიეწოდებათ პოტენციურ ინვესტორებს და სხვა, კანონმდებლობით მოთხოვნილ ინფორმაციას.

     

    ემისიის პროსპექტის დამტკიცების პროცესი

     ემისიის პროსპექტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ემიტენტისა და საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდის შესახებ, ასევე, ემიტენტის საქმიანობიდან და გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის სახეობიდან გამომდინარე, ყველა იმ არსებით ინფორმაციას, რომელიც საშუალებას მისცემს ინვესტორს შეაფასოს ემიტენტის აქტივები და ვალდებულებები, ფინანსური მდგომარეობა, მოგება-ზარალი, საწარმოს სამომავლო გეგმები, ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული უფლებები, შეზღუდვები და პროცედურები, ასევე ემისიის მიზეზი და მისი სავარაუდო გავლენა ემიტენტზე.  

    პროსპექტში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ამომწურავი, ასახავდეს კომპანიასთან, მის საქმიანობასთან, გამოსაშვებ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ყველა არსებით ინფორმაციას, იყოს გადმოცემული მოკლედ, გასაგები ენით და იძლეოდეს მისი მარტივად გაანალიზების საშუალებას.

     

    გამჭვირვალობის მოთხოვნები საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიმართ:

     

    პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები:

     

    საჯარო ფ.ქ.-ების ემიტენტებს მოეთხოვებათ წლიური და ნახევარ-წლიური ანგარიშების ეროვნულ ბანკთან წარდგენა და  გასაჯაროება კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. წლიური ანგარიშის მომზადება, ეროვნული ბანკისთვის წარდგენა და გამოქვეყნება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 15 მაისისა, ხოლო  ნახევარ-წლიური ანგარიშის -  არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. ორივე ანგარიში შეიცავს შესაბამისი პერიოდისთვის მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას, მმართველობის ანგარიშგებას და ემიტენტის პასუხისმგებელი პირების მიერ შესაბამის განცხადებას. წლიური ფინანსური და მმართველობის ანგარიშები მზადდება და  აუდირება ხორციელდება „სდპ“-თათვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ნახევარ-წლიური და შუალედური ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება მზადდება გამჭვირვალობის წესის მოთხოვნების შესაბამისად. 

     

    პერიოდული ანგარიშების სებ-თან წარდგენა და გამოქვეყნება ხორციელდება https://reportal.ge/ -ის მეშვეობით. საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჟროდ დაშვებული ემიტენტების ჭრილში, გასაჯაროების მექანიზმების თაობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: EXCEL

     

    მიმდინარე საანგარიშგებო მოთხოვნები:

     

    ინსაიდერული ინფორმაცია და მმართველობითი ფუნქციის მქონე პირების გარიგებები:

     

    საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს მასთან დაკავშირებული ინსაიდერული ინფორმაცია, როგორც განმარტებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოოს ჩანაწერები ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირების შესახებ. 

     

    დამატებით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მმართველობითი ფუნქციის მქონე პირებს, მათ შორის მათთან დაკავშირებულ პირებს, ევალებათ ემიტენტისა და საქართველოს ეროვნულ ბანკის შეტყობინება მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით განხორციელებული გარიგებების შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება მას შემდეგ, რაც თითოეული ამ პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა გარიგების საერთო (ჯამური) ღირებულება მიაღწევს 20 000 ლარის ზღვრულ ოდენობას. მიღებული შეტყობინებები ემიტენტმა უნდა გამოქვეყნოს დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

     

    შეტყობინება მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ: საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტები

     

    იმ ემიტენტის წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი, რომელსაც გამოშვებული აქვს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ემიტენტს წარუდგინოს შეტყობინება, თუ მის მფლობელობაში არსებული ემიტენტის ხმის უფლების მქონე ფასიანი ქაღალდების წილი მიაღწევს, გადააჭარბებს ან ჩამოსცდება შემდეგ ზღვრულ ოდენობას: 5 %-ს, 10 %-ს, 15 %-ს, 20 %-ს, 25 %-ს, 30 %-ს, 50 %-ს, 75 %-ს.

     

    საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია გაასაჯაროოს:

    • ინფორმაცია ემიტენტის ჯამური ხმის უფლებისა და კაპიტალის შესახებ - ყოველი ცვლილების შემთხვევაში, კალენდარული თვის ბოლო დღის მდგომარეობით, არაუგვიანეს კალენდარული თვის ბოლო დღის მომდევნო სამუშაო დღისა [გამჭვირვალობის წესი];
    • შეტყობინება წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის თაობაზე, შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

     

    დამატებითი მოთხოვნები საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიმართ:

     

    საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, სხვა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა,  ვალდებულია უზრუნველყოს:

     

    • თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან;
    • ყველა იმ პირობის შექმნა და იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს თავიანთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
    • საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობების ან/და საჯარო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ ინფორმაციის დაუყონებლივი გასაჯაროება.