ლარის სიმბოლოს შექმნის ისტორია
ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. შეიქმნა დროებითი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები.
კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი "ლასი-სთვის" ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭა და შემდეგ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება: კონცეფცია, დიზაინი, შესაბამისობა ქართულ დამწერლობასთან, სიმბოლოზე ვალუტის აღმნიშვნელი ელემენტების არსებობა, ხელით ადვილად მოხაზვის შესაძლებლობა, ასევე კონკურსის წესებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვა.
ლარის სიმბოლო ეფუძნება ქართული ერთ თაღიანი ასო "ლასის" გრაფიკულ მოხაზულობას. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, სხვადასხვა სიმბოლოს შემთხვევაში ვალუტის დასახელების პირველი სიმბოლო გადახაზულია ერთი ან ორი პარალელური ხაზით. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ვალუტის სიმბოლოების შემთხვევებში პარალელური ხაზების არსებობა ემსახურება მხოლოდ ასო-ნიშნის სიმბოლოდ გარდასახვას. ლარის აღმნიშვნელ სიმბოლოში კი ქართული "ლასის" ვერტიკალური ორი ხაზი ასოს ორგანული ნაწილია. ასევე, სიმბოლოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს "ლასის" ეგრეთწოდებული ფეხი, რომელიც ჰორიზონტალური ხაზითაა წარმოდგენილი და ზედა დინამიურ რკალს მონუმენტალურ სტატიკას სძენს. დიზაინში ასო-ნიშნის მოხაზულობა გარკვეულწილად სილუეტითა და სიმბოლური დატვირთვით განზრახ ტრანსფორმირებულია, რაც გააადვილებს მისი, როგორც ვალუტის აღმნიშვნელ სიმბოლოდ აღქმას და მის დამკვიდრებას.
გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა. ლარის სიმბოლოს შესარჩევმა დროებითმა კომისიამ დაასახელა გამარჯვებული სიმბოლოს კონცეფციის თანაავტორები: დავით ბირმანი, ალექსანდრე სუკიასოვი, ავთანდილ შარვაშიძე, აკაკი რაზმაძე, გიორგი კურტანიძე, ზურაბ გიორგაძე, დავით ვირაბიანი, გიორგი ბოხუა, გიორგი ქოქრაშვილი, კახაბერ კობიძე, ლაშა დანელია, ივანე მგალობლიშვილი, გოჩა ჩოგოვაძე, დავითი ბეიტრიშვილი, თენგიზ გოგოლაშვილი, ილია მარტაშვილი, ანატოლი გიორგაძე.
ლარის სიმბოლოს სწორად ადაპტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ლარის სიმბოლოს დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო".