S&P Global Ratings - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მზარდ რისკებს წარმატებით უპასუხა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეჯამებულია ცალკეული ქვეყნების საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.
ანგარიშის მიხედვით, რისკების საერთო შეფასებით საქართველოს შედეგები გაუმჯობესდა და ქვეყანამ მე-8 დან მე-7 ჯგუფში გადაინაცვლა, რაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაა სხვა ქვეყნებთან შედარებით. საბანკო სისტემა შეფასებულია როგორც სტაბილური, კლებადი დოლარიზაციით. S&P-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები ხელსაყრელია, ხოლო აქტივების ხარისხი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდება.
გავლენიანი სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ბანკები საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უფრო ნაკლები რისკების წინაშე დგანან. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, დოლარიზაცია სესხებში 44%-მდე, დეპოზიტებში კი 51%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ყველაზე მაღალია რეგიონში. ანგარიშში საუბარია საბანკო რეგულაციებზე, რომელმაც სააგენტოს შეფასებით, ხელი შეუწყო ბანკების მდგრადობას სტრესის მიმართ. გასულ წლებში, ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოდან მომდინარე მზარდ რისკებს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წარმატებით უპასუხა. სებ-მა, სავალუტო საკრედიტო რისკებისთვის, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, ბანკებს განუსაზღვრა კაპიტალის ბუფერები. შინამეურნეობების ვალის ტვირთი ზომიერია. ბოლო წლებში სწრაფი ზრდის მიუხედავად, სესხის მომსახურების კოეფიციენტები საქართველოში შესადარ ქვეყნებთან მიმართებით უკეთესია. ეს ასახავს პორტფელში იპოთეკური სესხების საშუალოზე მაღალ წილს და სებ-ის მიერ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების წახალისებას.
სააგენტოს შეფასებით, უმოქმედო სესხების წილი 4.0-4.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და აქტივების ხარისხის სტაბილურობა მომგებიანობის ნორმალიზებას დაეხმარება. საკრედიტო რისკების მხრივ მთავარ მოწყვლადობად უცხოური ვალუტის დაკრედიტება რჩება. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ მოწყვლადობას, ბანკების დაუცველობა შემცირებულია, თუმცა რუსეთის მოქალაქეების მიგრაციისა და ანაბრების შემოდინების მატერიალურმა შებრუნებამ შესაძლოა ეკონომიკისა და საბანკო სისტემაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.