EBRD_ს პროექტის ფარგლებში ეროვნულ ბანკს ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ზდენიეკ ტუმა ეწვია

EBRD_ს პროექტის ფარგლებში ეროვნულ ბანკს ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ზდენიეკ ტუმა ეწვია

28 იანვარი, 2013

საქართველოს ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკური მოდელირებისა და პროგნოზების დახვეწაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია OGResearch-თან თანამშრომლობით მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა მაკროეკონომიკური მოდელირების როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებები. კერძოდ, შემუშავდა საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით „ახალი კეინზიანური ზოგადი წონასწორობის მაკროეკონომიკური მოდელი“(NKDSGE), რაც მსოფლიოს ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ ფართოდ გამოყენებული, მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის ძირითადი საშუალებაა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესებაა. ამ მიზნით შეიცვლება მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტის ინფლაციის მიმოხილვის ფორმატი. განახლებული ინფლაციის მიმოხილვა უკვე თებერვლის თვეში მომზადდება და იგი ფოკუსირებული იქნება მომავალ პროგნოზებსა და მათ ანალიზზე. შეიცვლება გამოქვეყნების ვადებიც, ნაცვლად კვარტალის დასრულებიდან სამი თვისა, ინფლაციის მიმოხილვა გამოქვეყნდება მიმდინარე კვარტალის მეორე თვეს. ამასთან ინფლაციის მიმოხილვის გამოქვეყნებას მოყვება ანალიტიკოსებთან პრეზენტაცია. ასევე, კვარტალში ერთხელ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჩატარდება პრესკონფერენციები მიღებული გადაწყვეტილებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია OGResearch-ის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში, რომელშიც მონაწილეობას იღებს ჩეხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ზდენიეკ ტუმა, რომელიც ეხლა KPMG-ს დირექტორია. იგი ასევე იყო ევროკომისის მაღალი დონის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომელიც ევროკავშირში საბანკო სექტორის რეფორმირებაზე მუშაობდა. ვიზიტში, ასევე, მონაწილეობს საკონსულტაციო კომპანია OG Research-ის პარტნიორი ონდრა კამენიკი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა ჩეხეთის ცენტრალურ ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებში მოდელების დანერგვის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კომერციული ბანკების, მთავრობის, აკადემიური და ანალიტიკური წრეებისა და პრესის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ცნობადობის შეფასება და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ზდენიეკ ტუმამ აღნიშნა, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ინფლაციის თარგეთირება, რაც გულისხმობს თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას. ინფლაციის თარგეთირება მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ცენტრალურ ბანკებში. ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, რის შედეგადაც გაიზარდა მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა. რეფორმამ მოიცვა ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება, ფულადი ბაზრისა და პროგნოზირების მოდელების განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს ინფლაციის თარგეთრების სრულყოფისკენ სვლა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გააქტიურება“.

 

 

სხვა სიახლეები