EBRD-ი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას
12 მაისი, 2015
12 მაისს, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ EBRD-ი კვლავაც ადასტურებს საქართველოს საბანკო სექტორის სტაბილურობას და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. დასაწყისში გულითადად მინდა მივულოცო, გიორგი ქადაგიძეს ევროპაში საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველის ნომინაციის მიღება. ეს ჯილდო შეფასებაა ეროვნული ბანკის პოლიტიკის და მისი გუნდის მუშაობისა. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნული ბანკისათვის, არამედ ქვეყნისათვის, ვინაიდან ეს აღიარება აუცილებლად აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. ჩვენ განვიხილეთ EBRD-ის მხარდაჭერა საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ. როგორც იცით, მრავალწლიანი, ნაყოფიერი და პროდუქტიული თანამშომლობა გვაკავშირებს. ჩვენი შეფასებით, დღეს ქვეყნის საბანკო სექტორი არის ძლიერი, კარგად კაპიტალიზებული, ორი დიდი ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოსთვის, ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორი ძლიერია და მის რეგულირებას საუკეთესო, სამაგალითო მოდელით, მაღალი პროფესიონალიზმით ახორციელებს ეროვნული ბანკი.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე, მოგეხსენებათ, EBRD-მა განახორციელა ლარში დომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ჩვენ განვიხილეთ პრობლემებიც. ჩვენი აზრით საქართველოში ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს, ეს დროებითი გამოწვევებია და საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ პოზიტიური პერსპექტივა აქვს.
შექებას იმსახურებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკა, ვთვლით რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი და გონივრული პოლიტიკა აირჩია ლარის გაცვლითი კურსის მერყეობისას სავალუტო რეზერვების შენარჩუნების კუთხით, ვინაიდან სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვანი აქტივია ქვეყნისათვის.
EBRD-ი თვლის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ქმედებები სწორია. ეროვნული ბანკი პროფესიონალურ დონეზე ასრულებს თავის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს და მისი დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტალურია, ვინაიდან ეს ფუნდამენტური ფაქტორია ინვესტორთა ნდობისათვის და ეკონომიკის განვითრებისათვის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორი. გარდა იმისა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი, უკვე მრავალი წელია, ის არა მარტო ჩვენი ეკონომიკის, არამედ ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას ეწევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი სტრატეგია, რომელზეც იყო ძირითადად საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ ახალ ფაზაზე, როდესაც ევრობანკი იწყებს რეალური სექტორის დაფინანსებას, რაც ნიშნავს რომ წარმატებული ქართული კომპანიებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობები მოიზიდონ თანხები არა კომერციული ბანკებისგან, არამედ ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ ასეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ადგილობრივ ვალუტაში - ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიისთვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის წინგადადგმული ნაბიჯი და რა თქმა უნდა ჩვენ, ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ იმ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ამ ორგანიზაციასთან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვივნენ.