"გლობალური ეკონომიკური განვითარება პანდემიის შემდგომ" - კობა გვენეტაძე Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, ტრადიციულად, ავსტრიაში, ვენაში ტარდება, თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წლევანდელი ფორუმი ვიდეო კონფერენციის ფორმატში წარიმართა. შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და ცენტრალური ბანკის მმართველები ესწრებოდნენ. ფორუმის მთავარი თემა იყო - გლობალური ეკონომიკური განვითარება პანდემიის შემდგომ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - "ცენტრალური ბანკების როლის ხელახალი გააზრება პოსტპანდემიურ პერიოდში". საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, დისკუსიაში ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიისა და უკრაინის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები მონაწილეობდნენ.
კობა გვენეტაძემ პანდემიის გავლენასა და, არსებული გამოწვევის პირობებში, ცენტრალური ბანკის როლზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა კრიზისის პერიოდში ცენტრალური ბანკების მიერ ლიკვიდობის რისკების მინიმიზების საჭიროებაზე, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო. მათ შორის დროებითი ინსტრუმენტების შემოღებით. პრეზიდენტი შეეხო საკითხს, თუ რამდენად ახერხებენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები სტრუქტურულ რეფორმებზე, დიჯიტალიზაციაზე (გაციფრულებაზე), განსაკუთრებით ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებზე ყურადღების გამახვილებას. დისკუსია გაიმართა მიმდინარე კრიზისის 2008 წლის კრიზისთან შედარების თემაზე, ითქვა, დღეს ფინანსური სექტორი მდგრადია და წინა კრიზისისგან განსხვავებით, არათუ შოკის ერთ-ერთი წყარო, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღების ერთ-ერთი მამოძრავებელია.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს არსებული გამოწვევის პერიოდში ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ხედვებიც გაუზიარეს.