წელს უკვე მესამედ საქართველო მსოფლიო დაზოგვის დღეს აღნიშნავს
31 ოქტომბერი, 2014
მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში წელს უკვე მესამედ აღინიშნება. დაზოგვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა. „ეროვნული ბანკი ყოველთვის გამოდის ისეთი ინიციატივების მხარდამჭერად, რომელიც ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება. დაზოგვის დღე სწორედ იმის შეხსენებაა, რომ ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა ვისწავლოთ საკუთარი შემოსავლებისა და ხარჯების სწორად განაწილება“, - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
დაზოგვის დღე, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (1925 წლიდან) აღინიშნება. დაზოგვის დღის ფარგლებში დაგეგმილი კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ფინანსური ინფორმირებულობის დონის გაზრდას. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ასევე ხელს შეუწყობს სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციის, ეროვნული ბანკის, აკადემიებისა და ასოციაციების მონაწილეობით ფინანსური სექტორისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებას. მსოფლიო დაზოგვის დღე მოსახლეობასა და კომერციულ ბანკებს შორის არსებული ბარიერის გადალახვის კარგი საშუალებაცაა.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და რვა ქართული კომერციული ბანკი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ბაზისბანკი და პროკრედიტ ბანკი.
წლევანდელი მსოფლიო დაზოგვის დღე საქართველოში წინა წლებთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება. მთავარი ღონისძიებები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. კერძოდ, ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ღონისძიება თბილისში, რიყის პარკში 1 ნოემბერს, ხოლო ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე ცენტრალურ მოედანზე, 2 ნოემბერს შედგება. ბავშვებს კომპანია "მულტი პულტის სამყარო" ორივე ქალაქში 14:00 საათიდან უმასპინძლებს სპეციალური გასართობი პროგრამით, რომელიც მოიცავს სპექტაკლებს ზღაპრების გმირების მონაწილეობით, სხვადასხვა სახის თამაშობებს, შეჯიბრებებს, იუმორისტულ და შემეცნებით ნაწილს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან მონაწილე კომერციული ბანკები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახის მედია მხარდაჭერას, გაავრცელებენ ბროშურებს, ასევე, ბანკის ფილიალებში, ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში განათავსებენ ვიდეოს მსოფლიო დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოს - "გროვიას" მონაწილეობით.
მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი www.grovia.com.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია როგორც დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, ასევე საბანკო პროდუქტებზე, მომსახურებებსა და ზოგადად, მომხმარებელთა უფლებებზე.
შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს "დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობები" საქართველოსა და აზერბაიჯანში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.