ცვლილება ანგარიშგების წარდგენის წესში

ცვლილება ანგარიშგების წარდგენის წესში

25 ივნისი, 2020
შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის შეიცვალა "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშების ეროვნულ ბანკთან წარდგენის წესი. შესაბამისად, ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა, 2019 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშის წარდგენა უნდა უზრუნველყონ განახლებული წესით, არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა (სებ-ის 2020 წლის 8 აპრილის განცხადების შესაბამისად).

რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილება?                                                                              

როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული ცვლილება მოიაზრებს ანგარიშვალდებული სუბიექტის მიერ ეროვნულ ბანკთან ელექტრონულ ანგარიშგებას. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის  2016 წლის 5 აგვისტოს ბრძანება №78/04-ის მიხედვით, წელს პირველად, საწარმოების მიერ წარსადგენი 2019 წლის აუდიტირებული წლიური და 2020 წლის ნახევარ-წლიური ფინანსური ანგარიშები საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულად წარედგინება "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით (reportal.ge). აღნიშნულ ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენა ხორციელდება "ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე" ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ("სამსახური") უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების შესაბამისად.

ჯგუფის შემთხვევაში, რა ტიპის ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა უნდა განხორციელდეს?

იმ საწარმოების საყურადღებოდ, რომლებიც წარმოადგენენ ჯგუფს, გაცნობებთ, რომ ამა წლის 30 ივნისის მდგომაროებით, ანგარიშგების პორტალის მეშვეობით საქართველოს ეროვნულ ბანკთან უნდა მოხდეს როგორც კონსოლიდირებული, ისე ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენა. თუკი, ამ თარიღისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი ინდივიდუალური ანგარიშგება, მისი წარდგენა უნდა განხორციელდეს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხელმისაწვდომობისთანავე, თუმცა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. 30 ივნისის მდგომარეობით, კონსოლიდირებული ანგარიშგების წარუდგენლობა გამოიწვევს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საზედამხედველო ქმედებების განხორციელებას, მისი უფლებამოსილების ფარგლებში.

ტექნიკური დაზუსტება: მხოლოდ კონსოლიდირებული ანგარიშგების წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის შევსება უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური ანგარიშგების მოდულიდან, შესაბამისი ველების შევსებით, რამდენადაც კონსოლიდირებული ანგარიშგების მოდულში, აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება ინდივიდუალური ანგარიშგების უკვე შევსებული ველებიდან. აღნიშნული არ მოიაზრებს ინდივიდუალური ანგარიშგების წარდგენას. დამატებით, ტექნიკურ საკითხებზე კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (info@saras.gov.ge).

როდის და როგორ უნდა მოხდეს წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა ანგარიშგებების წარდგენა?

ანგარიშვალდებულმა საწარმოებმა, 2019 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშის განახლებული წესით წარდგენა უნდა უზრუნველყონ, არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა. სუბიექტი ასევე ვალდებულია, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული მმართველობითი ანგარიშგება და სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება, ამავე კანონით განსაზღვრული წესით, სამსახურს წარუდგინოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ამა წლის 1 ოქტომბრისა.

დავაზუსტებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბრძანება №78/04-ით განსაზღვრული 2019 წლიური ფინანსური ანგარიშის საქართველოს ეროვნულ ბანკთან წარდგენის მომენტში, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დამატებით განსაზღვრული რომელიმე ანგარიშგება (გარდა ბრძანება №78/04-ით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა) ხელმისაწვდომი არ არის, მათი წარდგენა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა, ანგარიშგება განახორციელოს ყველა ხელმისაწვდომი ანგარიშის გათვალისწინებით, ბრძანება №78/04-ისა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

როგორ უნდა განხორციელდეს ელექტრონულად წარდგენილი ანგარიშგებების დადასტურება შესაბამისი აუდიტორის მიერ?

"ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე" ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ("სამსახური") უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანების მუხლი 12 და 17-ის მიხედვით, ეროვნულ ბანკთან აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის წარდგენამდე, სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დადასტურების მიზნით ფინანსური ანგარიშის შესაბამის აუდიტორთან გადაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სუბიექტი აუდიტორთან დადასტურების მიზნით აგზავნის წლიურ ანგარიშს, რომელიც არ მოიცავს ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ მმართველობის ანგარიშგებას, აუდიტორი სუბიექტს უდასტურებს მხოლოდ წლიური ფინანსური ანგარიშის სისწორესა და სისრულეს - შესაბამისი "თიქების" კომბინაციის მონიშვნის მეშვეობით. შემდგომში, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დარჩენული ვალდებულებების შესრულების მიზნით, უკვე წარდგენილ ელექტრონულ ანგარიშგებებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, განახლებული ინფორმაცია წარდგენამდე ხელახლა უნდა იქნას დადასტურებული აუდიტორის მიერ.

რომელი საწარმოები თავისუფლდებიან ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულებისგან?

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია თავად განსაზღვროს მის წინაშე არსებული პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები ბრძანება №78/04-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ საწარმო აკმაყოფილებს ამავე ბრძანების მუხლი 9-ის მიხედვით გათვალისწინებულ კრიტერიუმებსა და შესაბამის მოთხოვნებს, ანგარიშვალდებული საწარმო თავისუფლდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით დაკისრებული საანგარიშგებო მოთხოვნების შესრულებისაგან. თუმცა, აღნიშნული საწარმოებს არ თავისუფლებს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით დაკისრებული მოთხოვნების შესრულებისაგან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

როგორ განხორციელდება ცვლილებები უკვე წარდგენილ ელექტრონულ ანგარიშგებებში?

ეროვნულ ბანკთან განხორცილებული ანგარიშგების შემდგომ, "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული დარჩენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სუბიექტს შეეძლება შესაბამისი წესის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკთან წარდგენილი 2019 წლის ანგარიში reportal.ge-ის მეშვეობით უკან გამოითხოვოს. აღნიშნული მოთხოვნის დადასტურების შემდგომ, სუბიექტს შეეძლება 2019 წლის ანგარიშში ცვლილებების შეტანა (მათ შორის აღნიშნული კანონის შესაბამისად მომზადებული მმართველობითი ანგარიშის წარდგენა). 

როგორ მოხდება ანგარიშგებების ელექტრონული წარდგენა 2020 და შემდგომი სამეურნეო წლებისთვის?

დამატებით მოგახსენებთ რომ, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, უკვე 2020 სამეურნეო წლისთვის, საქართველოს ეროვნულ ბანკთან 1 ფანჯრის პრინციპით წარდგენილი წლიური ანგარიშის შემთხვევაში, თანადროულად მოხდება ზემოაღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ყველა საანგარიშგებო მოთხოვნის დაფარვა. კერძოდ კი, ეროვნულ ბანკთან ელექტრონული წესით 2020 წლიური ანგარიშის წარდგენისას, სუბიექტი თანადროულად უზრუნველყოფს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და ბრძანება №78/04-ის მე-3 მუხლით განსაზღვრული ყველა საანგარიშგებო ვალდებულების შესრულებას.

 
დამატებითი ინფორმაცია:

დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს განახლებული ბრძანება №78/04-ის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ მისამართზე:

"ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება 

ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადება იხილეთ შემდეგ მისამართზე:

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3906

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ წერილობით მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: cm.corporate@nbg.gov.ge.

 

სხვა სიახლეები