შიდა აუდიტის სემინარი
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, 15 ოქტომბერს, შიდა აუდიტის სემინარი გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორებთან ერთად მონაწილეობდნენ 13 კომერციული ბანკისა და 10-ზე მეტი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.
სემინარი მიზნად ისახავდა საქართველოს საბანკო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების შიდა აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებას, შიდა აუდიტის როლის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ორგანიზაციების შიდა აუდიტორთა შორის.
ღონისძიებას ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ექსპერტი, აუდიტის პროფესიონალთა ევროპული ინსტიტუტის დირექტორი, რობერტ კორნელისი უძღვებოდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ცვლილებები შიდა აუდიტის სტანდარტებში, შიდა აუდიტის ხარისხის გარე შეფასების პრაქტიკული ასპექტები, შიდა აუდიტის როლი დაცვის სამხაზიან მოდელში და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის გამოწვევები.
"მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით შიდა აუდიტის პროფესიის განვითარებისა და ორგანიზაციების მმართველობითი პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", - აღნიშნა სემინარის დასასრულს საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.