შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა თბილისის ზოოპარკს 50 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა
30 ივლისი, 2015
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარებისა ბანკმა (BSTDB) თბილისის ზოოპარკს 50 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ბანკის პრეზიდენტმა უგურ დელიკანლიმ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დღეს ოფიციალური წერილით აცნობა.
„ბატონო გიორგი, მინდა გაცნობოთ, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შემდგომ, „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი წვლილი შეიტანოს თბილისში, ივნისის თვეში სტიქიით მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში. ამ მიზნით, ბანკი 50 ათას აშშ დოლარს ურიცხავს თბილისის ზოოპარკს აღდგენითი სამუშაოებისთვის“, - ნათქვამია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის უგურ დელიკანლის წერილში, რომელიც მან დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს მისწერა.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია. 19-21 ივნისს, საქართველომ ბანკის მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.