შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ბიზნესფორუმით გაიხსნა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა ბიზნესფორუმით გაიხსნა

19 ივნისი, 2015
19-21 ივნისს, საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობენ თერთმეტი ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
 
დღეს, რუსთაველის თეატრში, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა(BSTDB), საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს ეროვნული ბანკთან ერთად რეგიონულ ბიზნესფორუმს „მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში“ უმასპინძლა, რომლის მიზანია, საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და პრიორიტეტის გაცნობა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნესისათვის. ფორუმი რუსთაველის თეატრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონის ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონის ექსპერტები და პოლიტიკოსები. შეხვედრაზე მოხდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

დღევანდელ ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, რომელიც უძღვებოდა ერთ-ერთ სესიას - მეწარმეობის დაფინანსება. ფორუმზე საერთაშორისო განვითარების ბანკებთან, ფონდებთან და ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან და კომპანიებთან ერთად იმსჯელეს ბიზნესის დაფინანსების ტრადიციულ და ალტერნატული რესურსების მოძიების გზებზე.

„ჩვენი მთავარი გამოწვევა, დღეს, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაძლევა და ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც მძიმედ დააწვა ჩვენს მოსახლეობას. ამ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატი, ამიტომ ასეთი ტიპის რეგიონალური კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება ვისაუბროთ ჩვენს პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს“, - განაცხადა ბიზნესფორუმზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

21 ივნისს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს მე-17 ყოველწლიური შეხვედრა გაიხსნება, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, BSTDB-ის მმართველი საქართველოს მხრიდან გიორგი ქადაგიძე.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი(BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი და რუსეთი. მისი შტაბ-ბინა არის საბერძნეთში, სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით. ბანკის გაცხადებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. BSTDB-ს „სტანდარტ ენდ ფუარის“ (Standard and Poor’s) მიერ  მინიჭებული აქვს გრძელვადიანი „A”, ხოლო „მუდისის“(Moody’s) მიერ - A2.

სხვა სიახლეები