ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკების დელეგაციები სტუმრობენ
09 ოქტომბერი, 2014
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ტაჯიკეთისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკების დელეგაციები სტუმრობენ. სასწავლო პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ორ ეტაპიანია და დელეგაციის მეორე ნაწილი საქართველოში ოქტომბრის ბოლოს ჩამოვა.
შეხვედრების ფარგლებში სტუმრები ეცნობიან ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო მიდგომის ძირითად პრინციპებს და ჩარჩოს, მათ შორის, კონსოლიდირებული ზედამხედველობის, სტრეს-ტესტების მეთოდოლოგიასა და საკრედიტო აქტივების ხარისხის ანალიზის საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივმა მისიამ „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის“ (FSAP) ფარგლებში პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა.
მისიის შეფასებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს დანერგილი აქვს რისკებზე დაფუძნებული მოწინავე საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს რისკების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებასა და საზედამხედველო რესურსების ყველაზე ეფექტიანად გადანაწილებას.
ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელება, თუ რა საზედამხედველო მექანიზმები და ტექნიკა არის განვითარებული. „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდით საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებულ რეფორმებს. ვფიქრობთ, ის სიახლეები, რომელიც თქვენი ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელდა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვაპირებთ, რომ ჩვენც აქტიურად გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება”, - განაცხადა ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ აბდუკამირ ნეგმატოვმა.
ყაზახ კოლეგებს კი ქართველმა ზედამხედველებმა გააცნეს პრობლემური ბანკების იდენტიფიცირების, ეფექტიანი მაკორექტირებელი ქმედებებისა და რეზოლუციის წამყვანი პრაქტიკა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც აპირებს აქტიურად განახორციელოს საკუთარი რეფორმების ექსპორტი და გაუზიაროს უცხოელ კოლეგებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საკუთარი ინოვაციური მიდგომების ეფექტიანი დანერგვის შესახებ გამოცდილება.