ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები სტუმრობენ
05 თებერვალი, 2016
საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სომხეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ესტუმრა.
სომხეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველები ადგილზე გაეცნობიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილ რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო მიდგომის ძირითად პრინციპებსა და ჩარჩოს.
"მოხარულები ვართ, რომ ვეწვიეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს. მადლობა მათ ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის. ხშირ შემთხვევაში, საქართველოს და სომხეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებასა და ზედამხედველობაში და ვფიქრობ ეს შეხვედრა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საკმაოდ მოწინავე საზედამხედველო მიდგომა და ინსტრუმენტები. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა საზედამხედველო ჩარჩო. გვსურს მომავალშიც გავაგრძელოთ გამოცდილებების გაზიარება, რაც ორივე მხარეს დაგვეხმარება რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის უფრო ეფექტურად განვითარებაში", - განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პროექტის მენეჯერმა დევიდ ბაბასიანმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივმა მისიამ "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში ძალზედ პოზიტიური დასკვნა გამოაქვეყნა.
ქართული საზედამხედველო მოდელის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკში უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკის დელეგაციები.
"საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც აპირებს აქტიურად განახორციელოს საკუთარი რეფორმების ექსპორტი და გაუზიაროს უცხოელ კოლეგებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და საკუთარი ინოვაციური მიდგომების ეფექტიანი დანერგვის შესახებ გამოცდილება", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.