ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს
ISDA სამართლებრივი დასკვნის გარეშე დაინტერესებულ ინვესტორებს ცალ-ცალკე მოუწევდათ ინდივიდუალური სამართლებრივი დასკვნის დაკვეთა იურიდიული ფირმებისათვის, რაც ართულებს და აძვირებს ინვესტირებას. შესაბამისად, ასეთი სამართლებრივი დასკვნის არარსებობის გამო, ბევრი პოტენციური ინვესტორი თავს იკავებდა ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გარიგებების დადებისგან. დღეიდან კი ეს შემაფერხებელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს. ISDA-ს სამართლებრივი დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება ყველა სახელშეკრულებო მხარისთვის, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტებისთვის, კორპორაციებისთვის, ფონდებისთვის და სხვა დაწესებულებებისთვის. აღნიშნული დასკვნა მნიშვნელოვნად შეამცირებს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს ფინანსური ორგანიზაციებისთვის და საგრძნობლად წაახალისებს დერივატივული გარიგებების დადებას ქართულ ორგანიზაციებთან. საერთაშორისო ასოციაციის დასკვნას მსოფლიოში მრავალი ფინანსური ორგანიზაცია ენდობა და მისი დადებითი შეფასება საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებას პოზიტიურ ბიძგს მისცემს.