ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია ივლისიდან დაიწყება

13 აპრილი, 2017

2017 წელს საფრანგეთში, ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო საპატიო სტუმარი იქნება, სადაც იგი წარმოაჩენს როგორც  მევენახეობა-მეღვინეობას, ასევე ქართულ კულტურას, ეთნოგრაფიასა და ისტორიას.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას.

მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა და მისი ავტორი ნინო გონგაძეა. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მისი რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

                

              
ავერსი: მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ოქროსფერი ქვევრის სქემატური გამოსახულება პირობითი ჭრილით. მუქი წითელი ფერით გამოსახულია ღვინო ქვევრში. ქვევრს გასდევს ვაზის გამოსახულება. მცენარის ფესვები ხაოიან ზედაპირზეა ამოტვიფრული, ვარჯი, ფოთლები და მტევნები ხაოიანია და განთავსებულია პრიალა ზედაპირზე.

მონეტის რკალს ქვედა ნაწილში წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს შემდეგი წარწერები: "საქართველო", "2017", "GEORGIE" (ფრანგულ ენაზე ), "5 ლარი".


რევერსი: მონეტის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მდებარე ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც 2017 წელს საქართველო  საპატიო სტუმარი იქნება.

მონეტის მარჯვენა ზედა ნაწილში გამოსახულია ნომინალი და ლარის სიმბოლო - "5 ₾", ხოლო რკალს წრიულად გასდევს წარწერები ფრანგულ ენაზე
"LA GÉORGIE - PREMIER VIGNOBLE INVITÉ DE LA CITÉ DU VIN DE BORDEAUX" "საქართველო - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრის პირველი საპატიო სტუმარი".

მონეტის ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag925
წონა: 15.50 გრ
დიამეტრი: 33.00 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი

მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი მოგვიანებით დადგინდება.

 

სხვა სიახლეები