ფინანსური განათლების კვლევის შედეგები მოსახლეობის ფინანსური ცოდნის საშუალო დონესა და ფინანსური განათლების ამაღლების აუცილებლობაზე მიუთითებს

ფინანსური განათლების კვლევის შედეგები მოსახლეობის ფინანსური ცოდნის საშუალო დონესა და ფინანსური განათლების ამაღლების აუცილებლობაზე მიუთითებს

05 აგვისტო, 2016

საქართველოში ჩატარებული ფინანსური განათლების კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობას საშუალო ფინანსური ცოდნა აქვს. ამასთან, იკვეთება ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით გააქტიურებული მუშაობის აუცილებლობა

"ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამა (EFSE DF) და საქართველოს ეროვნული ბანკი ერთობლივი ძალისხმევით ფინანსური განათლების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს შეისწავლიან
 
ქ. ფრანკფურტი, გერმანია და თბილისი, საქართველო, [05.08.2016] - 29 ივლისის კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობა ფინანსური საკითხების ცოდნის საშუალო დონით ხასიათდება. გარდა ამისა, კვლევის სპონსორებმა საზოგადოებას ფინანსების მართვის საკითხებზე შექმნილი ორი ბროშურა წარუდგინეს, რომლებიც მომხმარებლების ცოდნის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, "ევროპული ფონდის სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და კვლევითი ორგანიზაცია "სონარის" ჩართულობით განხორციელებული ფინანსური განათლებისა და ჩართულობის კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1,100 ადამიანი გამოიკითხა მოსახლეობის ფინანსური ცოდნის, ქცევებისა და დამოკიდებულებების შესასწავლად. კვლევის ავტორებმა შედეგები საზოგადოებას 29 ივლისის კონფერენციაზე სახელწოდებით "ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის" წარუდგინეს. აღნიშნული კონფერენცია გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით გაიმართა. კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების - როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია - დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

თუმცაღა, აღნიშნულმა კვლევამ ასევე წარმოაჩინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების არასათანადო ცოდნა აქვთ და შესაბამისად, ნაკლებად იყენებენ მათ; გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი. აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ერთის მხრივ, ფინანსური განათლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ, და მეორე მხრივ, იმ გზების შესახებ, რომლითაც შესაძლებელია მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის გაუმჯობესება. აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში პირველად განხორციელდა. ქვეყანაში დაფიქსირებული შედეგები ჩართული იქნება საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელსაც OECD მიმდინარე წლის ბოლომდე გამოსცემს.

ამასთან, აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ბინათმესაკუთრეებისა და მცირე ბიზნესებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო ბროშურები წარუდგინა. მომავალი ბინათმესაკუთრეებისთვის განკუთვნილი ბროშურა იპოთეკურ სესხთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს განიხილავს და მომხმარებელს ეხმარება განსაზღვროს, თუ რა მოცულობის თანხის სესხება შეუძლია, რაც ჭარბვალიანობის თავიდან აცილების გზას წარმოადგენს. ბროშურა მცირე ბიზნესის მფლობელთათვის კი მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურად შეფასებას ასწავლის. ამასთან, ეს ბროშურა მცირე ბიზნესის გასაძლიერებლად პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს იძლევა და მას დანართად 3 პრაქტიკული მოდელი მოჰყვება, რომლებიც მცირე ბიზნესებს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. აღნიშნული ბროშურები გამოიცა ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და უახლოესი თვეების განმავლობაში ისინი ფინანსურ ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში გავრცელდება. გარდა ამისა, ბროშურები ხელმისაწვდომია EFSE-ს ვებგვერდზე www.efse.lu და საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე www.nbg.gov.ge .

EFSE-ს განვითარების პროგრამის კომიტეტის წევრმა, ევა ვან დერ ჰოიველმა განაცხადა: "ვამაყობთ იმით, რომ დავაფინანსეთ კვლევა და მონაწილეობა მივიღეთ ბროშურების განვითარების პროცესში. ეს ორი პროექტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური განათლების გაუმჯობესების კუთხით, რაც EFSE-ს განვითარების პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს".

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა: "ორივე პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ფინანსური განათლების მიმართულებით: კვლევის შედეგები საყურადღებოა ფინანსური განათლების პროგრამების განვითარებისთვის და ამასთან, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ე.წ. "ბენჩმარკების" დასახვისთვის. ბროშურები კი, თავის მხრივ, მომავალ ბინათმესაკუთრეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს საკვანძო ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამას ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული ფინანსური განათლების წამოწყებების მუდმივი მხარდაჭერისთვის".


"ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) შესახებ


"ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამა (EFSE DF) 2006 წელს შეიქმნა, რათა ხელი შეუწყოს განვითარების ფინანსების მიმართულებით ფონდის მანდატს. განვითარების პროგრამა იყენებს ეფექტურ, მიზანზე ორიენტირებულ და ინოვაციურ ტექნიკურ დახმარებას რათა გაზარდოს EFSE-ს საქმიანობის მასშტაბი და სარგებლიანობა სამიზნე ქვეყნებში. განვითარების პროგრამის მომსახურება მოიცავს შემდეგს: შესაძლებლობების ამაღლება და ტრენინგი; ფინანსური სექტორის მხარდაჭერა და კვლევები, რომლებიც ფონდის პარტნიორი საკრედიტო ინსტიტუტების შიდა შესაძლებლობებისა და ოპერაციების გაძლიერებას ემსახურება.

განვითარების პროგრამა, როგორც რწმუნებული, ლუქსემბურგის კანონმდებლობის შესაბამისად ფონდისგან დამოუკიდებლად საქმიანობს. განვითარების პროგრამის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც KfW განვითარების ბანკის, შვეიცარიული განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) და ნიდერლანდების განვითარების ბანკის (FMO) წარმომადგენლები შედიან, პასუხისმგებელია შემოთავაზებული პროექტების განხილვასა და დამტკიცებაზე, ასევე, განვითარების პროგრამისთვის სტრატეგიული მითითებების მიწოდებაზე.  

"ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" (EFSE) შესახებ

"ევროპული ფონდი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისათვის" (EFSE) KfW განვითარების ბანკის ინიციატივით და  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ევროპის კომისიის ფინანსური მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს 16 ქვეყანაში. ვინაიდან ფინანსებზე წვდომას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმატებით განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ფონდისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფინანსური სექტორების შესაძლებლობების ამაღლება რათა ხელი შეუწყოს სათანადო და გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი შინამეურნეობებს აფინანსებს სახლის აშენება/გარემონტებისთვის სესხების გაცემის გზით, EFSE-ს ძირითად საქმიანობას მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის გრძელვადიანი სახსრების გამოყოფა წარმოადგენს. ფონდის მიერ გამოყოფილ სახსრებზე წვდომა მსესხებლებისთვის ადგილობრივი საკრედიტო ინსტიტუტების მეშვეობით არის შესაძლებელი.

KfW-ს ინიციატივით, KfW-ს მართვაში არსებული 4 მულტი-დონორული პროგრამის საფუძველზე "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" 2005 წელს ჩამოყალიბდა. EFSE ამ ტიპის საჯარო-კერძო პარტნიორობის პირველი მაგალითი გახლავთ. ამასთან, EFSE კერძო მმართველობაში მყოფი, განვითარების ფინანსებზე მომუშავე პირველი ფონდია, რომელმაც სამიზნე რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის კერძო დაფინანსების მობილიზება მოახდინა. Oppenheim Asset Management Services S.à r.l., (ლუქსემბურგი) მოქმედებს, როგორც EFSE-ს ფონდების მენეჯერი, ხოლო Finance in Motion GmbH (გერმანია), როგორც მისი მრჩეველი.

"ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.efse.lu/    

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში; მისი უფლება-მოვალეობები და საქმიანობის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.

საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის, ასევე, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს. ამ მიმართულებით, ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.nbg.gov.ge/     




მედიასთან საკონტაქტო პირი - EFSE

ერიკ კალპი (Eric Culp)
პრესასთან ურთიერთობის ოფიცერი
ელ-ფოსტა: press@efse.lu  
ტელ: +49 (0)69 271 035-307

მედიასთან საკონტაქტო პირი - საქართველოს ეროვნული ბანკი
კახა ბარაბაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი
ელ-ფოსტა: kakha.barabadze@nbg.gov.ge  
ტელ:  (+995) 32 2406 222
სხვა სიახლეები