ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

05 მაისი, 2014

საქართველოს ეროვნული ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას იწყებს
 

„მინდა მოვუწოდო ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს, მთელ ბიზნეს საზოგადოებას, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ეს არ არის ხარკი, რომელიც უნდა გადაუხადოს ამა თუ იმ ბიზნესმა საზოგადოებას, ეს პირველ რიგში არის ინვესტიცია განხორციელებული იმიჯში, რეპუტაციაში, კორპორატიულ კულტურაში, რომელიც საბოლოო ჯამში, არის სწორი გზა განვითარების და გრძელვადიანი შემოსავლის მოგების და დივიდენდების მოტანისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო  წარმატებული კომპანიების მენეჯერებს და მფლობელებს, მაქსიმალურად გახსნან კარები სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვისაც არა აქვს სამუშაო გამოცდილება, ვინაიდან სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების მიცემა არის სწორი გზა, გზა განვითარებული სამყაროსკენ სიარულის“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ დღეს ეროვნულ ბანკში სტაჟირების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეროვნული ბანკის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მასშტაბით სტუდენტთა სტაჟირების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს წარჩინებული სტუდენტების დასაქმების ხელმისაწვდომობას.

განათლების სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ერთობლივ ინიციატივას, გამოეხმაურა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა წევრი ორგანიზაციების სათაო და რეგიონალურ ფილიალებში სტაჟირების გავლის საშუალება მიეცა სტუდენტებისთვის, რომლებიც გაეცნობიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას, უშუალოდ ჩაერთვებიან ყოველდღიურ პროცესებში, შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

პროექტის მიხედვით, სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა მოქმედი სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია და რომლებიც უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების - საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსებისა და მარკეტინგის სპეციალობების დამამთავრებელ კურსზე სწავლობენ.

სტაჟირება ორ თვიან პერიოდს მოიცავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგიონში განთავსებული სასწავლო დაწესებულების სტუდენტები, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სწავლისგან მოუწყვეტლად შეძლებენ ამ პროცესში ჩართვას. თავდაპირველად საქართველოს 9 რეგიონში, 16 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სულ 64 სტუდენტი გაივლის სტაჟირებას.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მთლიანად აღნიშნული პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა დასაქმების ხელმისაწვდომობას, ასევე დაეხმარება დამსაქმებლებს კვალიფიციური კადრების მოძიების, შერჩევისა და სამომავლოდ დასაქმების პროცესში.

სხვა სიახლეები