სს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
14 ნოემბერი, 2016
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კაპიტალ ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია, რის გამოც ბანკი გადავიდა ლიკვიდაციის რეჟიმში.
სს "კაპიტალ ბანკის" შემოწმების პროცესში გამოვლინდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმკვეთი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების, საერთაშორისო საბანკო ნორმებისა და ჩვევების დარღვევის ფაქტები.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ლიკვიდაციის პროცესში სრულად დაკმაყოფილდება კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები.
წარმოგიდგენთ ბანკის ლიკვიდატორის განცხადებას:
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "კაპიტალ ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირის შემთხვევაში:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი • ბანკის მიმართ მოთხოვნის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია
იურიდიული პირის შემთხვევაში:
• ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ • უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი • ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია
თანხების უნაღდო ანგარიშსწორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.