სსფ-ს მისიამ საქართველოს პროგრამის მიმოხილვა დაასრულა
მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის წინაწარი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლებელია, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს.
ამა წლის 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა; ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელება; და ჩამოსარიცხი თანხის გადანაწილება ახალ ვადაზე.
ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:
"პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებაზე და ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. ეს შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო
საქართველოს საკითხს ამა წლის დეკემბერში განიხილავს. ამ მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). ამით, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში 180 მილიონ ეს დე ერ-ს (დაახლოებით 249.5 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.
"სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა 2019 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელია. მეხუთე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა შესრულებულია.
"საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარეშე შოკების მიმართ. 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით.
"ჩვენ ველით რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 4.3 პროცენტით. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული.
"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება.
"ფისკალური პოლიტიკა მართებულად აბალანსებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, სოციალურ ხარჯებს და ფისკალურ დისციპლინას. ბიუჯეტის თანაბარმა შესრულებამ წლის განმავლობაში განაპირობა სახელმწიფო ინვესტიციების აჩქარება წლის პირველ ნახევარში. საგადასახადო შემოსავლები პროგნოზებს აღემატება, ნაწილობრივ ადმინისტრირების გაუმჯობესების გამო. დაუფასოებელ თამბაქოზე აქციზის გაზრდა გაათანაბრებს აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე და დაიცავს გადასახადის ბაზას. სსფ-ს მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება 2020 წლის ბიუჯტის ძირითად პარამეტრებზე, სადაც დეფიციტი მშპ-ს 2.7 პროცენტი იქნება. ბიუჯეტის ეს დონე შეესაბამება ფისკალურ დისციპლინას, თუმცა ტოვებს ადგილს სოციალური ხარჯების ზრდისთვის. სახელმწიფო საწარმოებიდან და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან მომდინარე ფისკალური რისკების მონიტორინგის გაგრძელება უზრუნველყოფს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.
"საბანკო სექტორი კვლავაც კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი, ლიკვიდური და მომგებიანია. მივესალმებით ხელისუფლების ძალისხმევას გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის არასაბანკო ინსტიტუტების ზედამხედველობის გაძლიერებით. ბანკების ახალი სარეზოლუციო ჩარჩოს დროული ამოქმედება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას.
"შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას. განათლების რეფორმის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება გააუმჯობესებს სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხელფასებს. მიმდინარე ინიციატივები გაკოტრების შესახებ და კაპიტალის ბაზრის რეფორმის, სრულად ამოქმედებულ საპენსიო რეფორმასთან ერთად ინვესტიციების მობილიზებას შეუწყობს ხელს.
"სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს ეკონომიკური პროფილის სტუქტურებში, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის."