სსფ მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე
მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განცხადებას ვიზიტის შედეგების შესახებ. ეს განცხადება ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლებელია, არასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მოსაზრებას. მისიის მიგნებების საფუძველზე მომზადებული ანგარიში, ხელმძღვანელთა დასტურით, წარედგინება სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის.
• საქართველოში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი.
• ფისკალური კონსოლიდაცია, სახელმწიფო კაპიტალური ხარჯებისთვის საჭირო თანხების უზრუნველყოფით, მთავრობის პროგრამის ძირითად ასპექტად რჩება.
• დაგეგმილი რეფორმების განურხელი შესრულება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკის მაღალი და ინკლუზიური ზრდისთვის.
ამა წლის 25 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს სტუმრობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანი იყო მიმდინარე, სამწლიანი ეკონომიკური პროგრამის პირველი მიმოხილვა. "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ამბიციური ეკონომიკური რეფორმების გეგმის მხარდაჭერას, მაღალი და ინკლუზიური ზრდის მიღწევის მიზნით, ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შემცირებით. მისიის დასასრულს ქალბატონმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი:
საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს წარმომადგენლებმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყანაში მიმდინარე სსფ-ს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულების თაობაზე. ამ წინასწარ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მილიონი ესდეერის (42.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. ამით, მიმდინარე პროგრამის ჩამორიცხვები 60 მილიონ ესდეერს (84.6 მილიონ დოლარს) გაუტოლდება.
საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ივნისის ბოლოსთვის სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ზრდამ შეუწყო ხელი. 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე გავზარდეთ, უწინ ნავარაუდევი 3.5 პროცენტის მაგივრად. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექპორტი, ტურიზმი, და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4 პროცენტამდე, 2016 წლის 12.8 პროცენტთან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებთ, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას.
ფისკალური მაჩვენებლები შთამბეჭდავია: შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების (კრედიტების) ასანაზღაურებლად. 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6 პროცენტი იქნება.
სსფ-ს მისია და საქართველოს მთავრობა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზეც შეჯერდნენ. 2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო თანხები/კაპიტალური ხარჯები. ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტი იქნება 2018 წელს, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება.
ხელისუფლება აპირებს ფისკალური რისკების შემცირებას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია ფისკალური რისკების განცხადებით გაზარდოს საჯარო ფინანსური მმართველობის გამჭვირვალეობა.
არსებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და მიმართულია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციამ 2017 წელს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა, ველოდებით, რომ ინფლაცია სწრაფად შემცირდება, როგორც კი აქციზის გავლენა ინფლაციაზე მიილევა. მოქნილი გაცვლითი კურსი კვლავ განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის დაცვას საგარეო შოკებისგან.
ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმები მიმართულია ფინანსური რეგულირების და ზედამხედველობის გაუმჯობესებაზე, ასევე ფინანსური უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე. მისია მესალმება ხელისუფლების გეგმას განავრცოს ზედამხედველობა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებზე და გააძლიეროს ეროვნული ბანკის, როგორც ბოლო ინსტანციის მსესხებლის როლი. ლარიზაციის პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოში დეპოზიტების და სესხების დოლარიზაციამ იკლო.
მივესალმებით პროგრესს სტრუქტურული რეფორმებში. მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯები შედეგად მოიტანს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას. პრიორიტეტულია საჯარო ინვესტიციების დაჩქარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და მართვის სისტემების დახვეწა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას გულახდილი და კონსტრუქციული დიალოგისთვის.