სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს

სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს

08 მაისი, 2015
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ, აზიმ სადიკოვმა და გიორგი ქადაგიძემ მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ეროვნულ ბანკზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ ზეწოლასთან დაკავშირებით აზიმ სადიკოვმა ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია გააცნო: "ჩვენ ვადევნებთ მოვლენებს თვალ-ყურს, ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა, რაც ხდება საქართველოში, რადგან დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ეს მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ეს არ შედის ქვეყნის ინტერესებში", - განაცხადა სადიკოვმა. მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცურავი. "ეს პოზიცია უნდა იყოს მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე, ზეწოლა ეროვნულ ბანკზე არ უნდა გრძელდებოდეს. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია. ახლა არ არის დამნაშავეების ძებნის დრო. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთად იმუშაონ, გააანალიზონ მდგომარეობა და ნახონ ის სისუსტეები, სადაც საჭიროა მდგომარეობის გამოსწორება და მუშაობა. აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს ამ სისუსტეებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია გაწერილია კონსტიტუციით და ეროვნული ბანკის ორგანული კანონით, ეს არის ფასების სტაბილურობა და სტაბილური ინფლაციის დონე, რასაც ეროვნული ბანკი კარგად ასრულებს. მეორე არის ფინანსური სტაბილურობა, რასაც ასევე ეროვნული ბანკი ამ კუთხით თავის ვალდებულებას პირნათლად ასრულებს", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში აზიმ სადიკოვმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ დღეს განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ასახავს.

"თუ გვაქვს მეტი სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გამყარების მიმართულება. თუ გვაქვს ნაკლები სავალუტო შემოდინება, კურსს აქვს გაუფასურების მიმართულება. ეს არის ეკონომიკის ანბანური ჭეშმარიტება. წინასწარი მაჩვენებლებით იმპორტი არის მნიშვნელოვნად შემცირებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არსებულმა გაუფასურებამ გავლენა მოახდინა იმპორტის შემცირებაზე. შესაბამისად, დაწყებულია საგადასახდელო ბალანსის კორექტირება, რაც მარტივად ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოვადიან პერიოდში, კურსზე გაუფასურების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ყოველთვის იყო და იქნება ორივე მიმართულებით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის ქმედებების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ყველასთვის ცხადია, რომ კომისიის შექმნა არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რათა ჩვენ დავხარჯოთ სავალუტო რეზერვები. მე გავუმარტივებ ამოცანას ამ იდეის ავტორებს და ვიტყვი, რომ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და დამღუპველიც, რაც მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების და შვილების მატერიალური დოვლათი. ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის გარანტი იმისა, რომ 90-იანი წლები აღარ განმეორდება არასოდეს. ამიტომ ვერანაირი საგამოძიებო კომისია და ვერანაირი ზეწოლა და ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ გვაიძულებს ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაციის თემაზეც გააკეთა განმარტება: "არანაირი პრობლემა კოორდინაციასა და ინფორმაციის გაცვლაში არ არსებობს. ჩვენ ჩვენს ფუნქციას ზედმიწევნით კარგად ვასრულებთ. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. გარდა ჩვენი უშუალო ფუნქციებისა, ჩვენ მუდმივად ვაცნობთ ჩვენს პოზიციებსა და რჩევებს მთავრობას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ საკითხის ასე დაყენება, რომ კოორდინაცია არ არის და ამიტომ უფასურდება ლარის კურსი, რა თქმა უნდა, სასაცილოა".



სხვა სიახლეები