საქართველო პირველად სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს
19 ნოემბერი, 2014
19-21 ნოემბერს, სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს ეროვნული ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონული ფორუმი გაიხსნა. აღნიშნული ტიპის ფორუმი კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება და მის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური სფეროს ექსპერტებს შორის, ასევე მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებისა და პროცესების განხილვა და სხვადასხვა ჭრილში გაანალიზება. ფორუმზე განიხილება ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ცენტრალური ბანკები მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაბალი და ნეგატიური საპროცენტო განაკვეთების პირობებში საერთაშორისო რეზერვების მართვის სპეციფიკას.
სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ტიერი დე ლონგემარმა გახსნეს.
"საქართველოში პირველად ტარდება გლობალური ფორუმი რეზერვების მართვის შესახებ და ეს არის საშუალება, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალურ ბანკებს და ასევე ვისწავლოთ სხვებისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მრავალი წარმატებული რეფორმა გაატარა, მათ შორის რეზერვების მართვაში. ბოლო წლებში რეზერვების მართვის ყველა მიმართულებით დავნერგეთ სიახლეები, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე დავნერგეთ ახალი ინსტრუმენტები და რეზერვების მართვის თანამედროვე მეთოდებზე გადავედით. რეზერვების მართვაში გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში ნულოვანი საპროცენტო განაკვეთები და ევროს შემთხვევაში ნეგატიური საპროცენტო განაკვეთი. ეს გამოწვევა არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ამ პირობებში თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი რეზერვები, ისე რომ მივიღოთ მაქსიმალური შემოსავლიანობა და ასევე დავიცვათ პრინციპები, როგორიც არის უსაფრთხოება და ლიკვიდურობა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
„საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმასპინძლობთ სავალუტო რეზერვების მართვის რეგიონულ ფორუმს და ვფიქრობ, რომ საინტერესოა ფორუმის აქ ჩატარება. საქართველო არის განვითარებადი ქვეყანა, ამიტომ კარგია როცა სხვა ცენტრალურ ბანკებს ასევე განვითარებადი ქვეყნებიდან შეუძლიათ ისწავლონ თუ როგორ მართონ სავალუტო რეზერვები. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში რეზერვები სწორად და პროფესიონალურად იმართება. ამ დროს ერთ-ერთი გამოწვევაა კარგი უნარების მქონე კადრების მოზიდვა, რომლებიც სწორად მართავენ სავალუტო რეზერვებს“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტიერი ლონგმარმა.
ფორუმის მონაწილეებს, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამომსვლელებთან ერთად, წლების განმავლობაში დაგროვებულ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები გაუზიარებენ.
ფორუმში მუშაობაში მონაწილეობს მსოფლიოს 30 ქვეყნის ცენტრალური ბანკებისა და ფინანსთა სამინისტროების 70-ზე მეტი საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენელი - ინგლისიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, კორეიდან, რუმინეთიდან, ინდონეზიიდან, ბანგლადეშიდან, ყირგიზეთიდან და ტაილანდიდან.
ფორუმის მონაწილეები სავალუტო რეზერვების მართვის სფეროს გარდა, განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მმართველობითი სისტემა, პროცესების ავტომატიზაცია, რისკების მართვა, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება, გარე მენეჯერების შერჩევის პროცესის წარმართვა და აქტივების „უსაფრთხოდ“ განთავსების მიდგომები.