საქართველო ეროვნულმა ბანკმა VISA - ს რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო ეროვნულმა ბანკმა VISA - ს რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

04 ნოემბერი, 2014
4 ნოემბერს, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, საერთაშორისო საბარათე სისტემა VISA - ს ორგანიზებით, „კავკასიის რეგიონის რეგულატორების, სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ბანკების სამუშაო შეხვედრა“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკების, რეგიონის ძალოვანი სტრუქტურებისა და VISA-ს სისტემაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრის მიზანია, გააცნოს მონაწილე ქვეყნებს გადახდების ეკოსისტემაში არსებული უსაფრთხოების ტენდენციები, კიბერ-დანაშაულთან დაკავშირებული თაღლითობებისგან დაცვისა და მათი გამოძიების მეთოდები. ასევე საბარათე ბიზნესის დაცვის უახლესი ინოვაციური საშუალებები და რისკების მართვის მნიშვნელობა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა. „საგადახდო სისტემების განვითარებასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნება საგადახდო ინსტრუმენტისა და ზოგადად საგადახდო სისტემების მიმართ და საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც არის ქვეყანაში არსებული საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა. შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად სწავლობს საგადახდო ბარათების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, შესაძლო საფრთხეებს და ცდილობს ხელი შეუწყოს მოსახლეობაში საგადახდო სისტემების მიმართ ნდობის ამაღლებას”, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ბარათებით თაღლითობის კონტროლის ტენდენციები და პრიორიტეტები. მონაცემთა უსაფრთხოების სტრატეგია, ვიზას რისკების მართვის ინსტრუმენტები და სერვისები, რისკების მართვა ელექტრონულ კომერციაში და მომხმარებელთა გამოცდილება. ძალოვანი სტრუქტურების სტრატეგია კიბერ-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიზას სტრატეგია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით. უნაღდო გადახდების განვითარების პრიორიტეტები კავკასიის რეგიონში.


სხვა სიახლეები