საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე მეშვიდედ აღინიშნა
05 ნოემბერი, 2018
საქართველოში "მსოფლიო დაზოგვის დღე" წელს მეშვიდედ აღინიშნა. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 25 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს, რუსთავში, დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი აქტივობით დასრულდა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც 7 ქართული კომერციული ბანკი მონაწილეობდა: ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი და ფინკა ბანკი საქართველო.
ღონისძიებაში მონაწილე ბანკებმა სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს: ბანკის ფილიალებში განათავსეს ვიდეორგოლი მსოფლიო დაზოგვის დღის ქართული სიმბოლოს - "გროვიას" მონაწილეობით. ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია მსოფლიო დაზოგვის დღესთან და დაზოგვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. განხორციელდა ვიზიტები სკოლებში და ფილიალებში გავრცელდა ფინანსური განათლების თემებზე შექმნილი ბეჭდური მასალა.
ღონისძიების ფარგლებში, გროვიას Facebook გვერდზე ჩატარდა კონკურსი - "ეთამაშე მთავარ ბანკირს". კონკურსის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთი კვირის განმავლობაში დაზოგვისა და ფულის მართვის თემაზე შედგენილი ვიდეო-შეკითხვებით 9-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდებს მიმართავდა. კონკურსის შედეგად 35 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდმა და კომერციულმა ბანკენმა 3 ნოემბერს, რუსთავის სკაუტების საერთაშორისო ცენტრში შემეცნებით-გასართობ ღონისძიებაზე უმასპინძლეს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ფულსა და დაზოგვასთან დაკავშირებულ კონკურსში, რომლის შედეგადაც ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს კი კომერციულმა ბანკებმა 500 ლარის მოცულობის საბავშვო ანაბრები გაუხსნეს, რათა ბავშვებმა და მათმა მშობლებმა მომავალშიც განაგრძონ დაზოგვა.
"საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეშვიდედ უერთდება მსოფლიო დაზოგვის დღის ღონისძიებებს. ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის მიზანია როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში ავამაღლოთ ცოდნა დაზოგვის სარგებლიანობისა და პირადი ფინანსების გონივრულად მართვის შესახებ. დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რამდენადაც ის საშუალებას გვაძლევს ავისრულოთ ჩვენი მიზნები და გავუმკლავდეთ არაპროგნოზირებად, დროებით პრობლემებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში ჩამოყალიბდეს დაზოგვის კულტურა და ადრეული ასაკიდანვე შევაჩვიოთ ბავშვები დაზოგვას. მსოფლიო დაზოგვის დღეც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
მსოფლიო დაზოგვის დღეს დიდი ისტორია აქვს. 1924 წელს, ქალაქ მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე მსოფლიო დაზოგვის დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში მონაწილე 29 ქვეყნის წარმომადგენელს სურდა ფულის დაზოგვის იდეა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინა, 1989 წელს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი მსოფლიო დაზოგვის დღედ გამოაცხადა. მსოფლიო დაზოგვის დღეს 90 წელზე მეტია მრავალ ქვეყანაში გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღნიშნავენ. მსოფლიო დაზოგვის დღეს ძველად მსოფლიო მომჭირნეობის დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1924 წლიდან დანაზოგების წახალისების მიზნით დაზოგვის დღის აღნიშვნა ბევრ ქვეყანაში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ახორციელებს პროექტს "პასუხისმგებლობიანი დაფინანსება კავკასიაში". პროექტის მხარდამჭერია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო.