საქართველოს საფინანსო სექტორის კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს საფინანსო სექტორის კიდევ ერთი წარმატება

08 მაისი, 2015
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის შეხვედრაზე ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) დასკვნა განიხილეს.
 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოში 2014 წლის ივნისის განმავლობაში მუშაობდა, გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ ფინანსურ კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებსა და რეგიონულ არასტაბილურობას და საბანკო სექტორმა ბოლო წლების მოვლენების ფონზე მისი მნიშვნელოვანი მდგრადობა დაადასტურა. პოზიტიურია ასევე მომავლის მოლოდინებიც.

შეფასების პროგრამის ფარგლებში მისიამ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო საზედამხედველო მიდგომები და დაასკვნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა 2006 წლის ბოლო შეფასების შემდეგ რადიკალურადაა გაუმჯობესებული ყველა მიმართულებით.

მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან მაღალ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ბაზელის კომიტეტის ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითად პრინციპების მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა მოწინავე საზედამხედველო მიდგომა, რომელიც არის ყოვლისმომცველი, მომავალზე და რისკებზე ორიენტირებული: ის არის ყოვლისმომცველი, რადგანაც ითვალისწინებს ყველა რისკს, როგორც ცალკეული ბანკის, ასევე საბანკო სისტემის დონეზე. ის არის მომავალზე ორიენტირებული, რადგან მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სტრეს-ტესტები, ბიზნეს მოდელი, კორპორაციული მართვა, კაპიტალისა და კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმები. ის არის რისკებზე  ორიენტირებული, რადგან განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან რისკებზე, ბანკების სისტემური მნიშვნელობის ჩათვლით.

29 პუნქტიან შეფასების დოკუმენტში ეროვნულმა ბანკმა 26 პუნქტში პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2 მიმართულება შეფასდა, როგორც განსაკუთრებით კარგი პრაქტიკა, რომელიც სამაგალითოა განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. ესენია საკრედიტო რისკი, სადაც ეროვნული ბანკის მიდგომები შეფასდა, როგორც ძალიან მოწინავე და საზედამხედველო ტექნიკა და ინსტრუმენტები, სადაც სამაგალითოდ გამოიყო 3 ინოვაციური მიმართულება: 1. საზედამხედველო ციკლი გამოიყენება ინდივიდუალური რისკის დონეზე, რაც საკმაო მოქნილობას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, აღნიშნული მოქნილობა დაბალანსებულია პერიოდული შეჯამებებით. 2. როგორც ჩანს, მიღწეულ იქნა რისკის და ბანკის ზედამხედველების ოპტიმალური ინტეგრაცია და თანაბარი გამოყენება. ბანკის ზედამხედველები პასუხისმგებლები არიან ბანკებზე რისკების გასწვრივ და რისკის ზედამხედველები რისკებზე ბანკების გასწვრივ და ასევე სისტემურ რისკზე. ისინი არიან ჩართულნი, როგორც დისტანციურ, ასევე ადგილზე შეფასებებში და მათ შორის პასუხისმგებლობები ძალიან ცალსახად არის განაწილებული. 3. ძალზედ ეფექტიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც „ონ ლაინ“ ზედამხედველობისა და მონაცემთა შთამბეჭდავი ანალიზის საშუალებას იძლევა.

მისიამ განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხის შესახებ.

შეფასების მიხედვით, საბანკო ზედამხედველობის ხარისხით საქართველო ისეთი ქვეყნების რიგებში ერთიანდება, როგორიცაა ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ირლანდია.

გარდა საზედამხედველო პოლიტიკისა, ანგარიშში შეფასებულია ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებიც: „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყარი საძირკველი ჩაუყარა საქართველოს ეროვნულ საგადახდო სისტემას. ქვეყნის ძირითადი საგადახდო ინფრასტრუქტურა არის იმდენად ეფექტური და ქმედუნარიანი, რომ მის შესასწავლად ხშირად ჩამოდიან წარმომადგენლები  მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკიდან“, -აღნიშნულია ანგარიშში.

„სავალუტო ფონდის მისიის შეფასება მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ესაა გზავნილი ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, მდგრადი და სანდო საფინანსო სექტორია, ეს შეფასება კიდევე ერთხელ ადასტურებს იმ პროგრესს და სისტემურ ცვლილებების წარმატებას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთლიანად საფინანსო სექტორმა აჩვენა  ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

„ფინანსური სისტემის შეფასების პროგრამა არის სსფ-ის ერთ–ერთი მექანიზმი, რომელიც ქვეყნის ფინანსური მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. როგორია საბანკო ზედამხედველობა, როგორია საბანკო სექტორის გამძლეობა სხვადასხვა შოკების მიმართ, როგორია ლიკვიდურობის პოზიცია და რა სტანდარტებს აკმაყოფილებს ქვეყნის საბანკო სექტორი ზოგადად. საბანკო ზედამხედველობა არის ზოგადად ეროვნული ბანკის ფუნქცია, აქედან გამომდინარე გასული წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოსული მისიის დასკვნებით ეროვნული ბანკის მაღალის სტანდარტებით რეგულირება განაპირობებს იმას, რომ საბანკო სისტემა გამართულად ფინქციონირებს, გამძლეა შოკების მიმართ, საბანკო სექტორი არის მომგებიანი, ლიკვიდურობა მაღალია, და რისკებს ართმევს თავს. საქართველოს მაგალითი შეიძლება ითქვას ნიმუშად გამოდგეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში და საქართველოს ეროვნული ბანკი პირნათლად ასრულებს ბაზელის ძირითადი პრინციპების მოთხოვნებს", - განაცხადა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა.
 
შეფასების დოკუმენტების ნახვა ხელმისაწვდომია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.
 
 
სხვა სიახლეები