საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

01 ოქტომბერი, 2008

2008 წლის II კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 899.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.2-ჯერ აღემატება 2007 წლის ანალოგიური პერიოდის, ხოლო 14.4 პროცენტით - 2008 წლის I კვარტალის მაჩვენებელს.

მიმდინარე ანგარიშში საქონლით ვაჭრობა ყველაზე მოცულობითი დეფიციტური კომპონენტია, რომლის სალდომ 965.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია საქონლის იმპორტის ზრდით.

კერძოდ, იმპორტის მოცულობა 2008 წლის II კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54.7 პროცენტით, ხოლო მიმდინარე წლის I კვარტალთან შედარებით 20.5 პროცენტით გაიზარდა, ექსპორტის ზრდის ტემპი კი ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად, 38.9-სა და 42.7 პროცენტს შეადგენდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ძირითად საიმპორტო საქონელს ნავთობპროდუქტები და მსუბუქი ავტომობილები შეადგენდა, მათი ჯამური წილი იმპორტის თითქმის 30 პროცენტია, ნავთობპროდუქტების იმპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო მსუბუქი ავტომობილებისა - 2.2-ჯერ.

მომსახურების ბალანსი დადებითია და 2008 წლის II კვარტალში 23.9 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. აქედან, მომსახურების ექსპორტი 360.3 მლნ აშშ დოლარს (წინა კვარტალთან შედარებით 29.9 პროცენტით, 2007 წლის II კვარტალთან შედარებით კი 35.4 პროცენტით გაიზარდა), ხოლო მომსახურების იმპორტი 336.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა 30.6 პროცენტი და 62.9 პროცენტია, შესაბამისად). მომსახურებითი ვაჭრობიდან დადებითი ბალანსით ხასიათდება ტურისტული მომსახურების (136.0 მლნ აშშ დოლარი, 2007 წლის II კვარტალთან შედარებით გაიზარდა 55.3 პროცენტით, 2008 წლის I კვარტალთან შედარებით კი 1.9-ჯერ), კავშირგაბმულობის მომსახურებისა (3.6 მლნ აშშ დოლარი) და სამთავრობო მომსახურების სექტორები (10.8 მლნ აშშ დოლარი, შემცირდა 13.7 პრცენტით წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 23.0 პროცენტით - წინა კვარტალთან შედარებით), ხოლო უარყოფითი სალდო აქვს სადაზღვევო, სხვა საქმიანი მომსახურების, სამშენებლო და სატრანსპორტო მომსახურების სექტორებს (-37.5, -14.2, -5.6, -4.7 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად).

შემოსავლის ბალანსი 2008 წლის II კვარტალში უარყოფითია და -127.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. შემოსავლის კრედიტი, რომლის ძირითად ნაწილს (83.7 პროცენტი) მუშაკთა შრომის ანაზღაურება წარმოადგენს, 100.8 მლნ აშშ დოლარია, რაც 8.7 პროცენტით აღემატება 2007 წლის ანალოგიურ და 8.4 პროცენტით - 2008 წლის I კვარტალის მაჩვენებელს. შემოსავლის დებეტი 249.5 მლნ აშშ დოლარია - 1.5-ჯერ მეტი 2007 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე და 1.3-ჯერ მეტი - 2008 წლის I კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტის 95.0 პროცენტი საინვესტიციო შემოსავალს უკავია.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა საკმაოდ სოლიდურია და, მომსახურების ბალანსთან ერთად, ამცირებს საქონლისა და მიმდინარე ანგარიშის შემოსავლების ბალანსით გამოწვეულ დეფიციტს. 2008 წლის II კვარტალში მიმდინარე ტრანსფერების ბალანსმა 170.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან მიღებულმა ტრანსფერებმა - 189.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაცემულმა - 19.5 მლნ აშშ დოლარი. 2008 წლის II კვარტალში სახელმწიფო სექტორის ტრანსფერები, გასულ კვარტალთან შედარებით, 10 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 19.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება კერძო სექტორის ტრანსფერებს, იგი, წინა კვარტალთან შედარებით, 5.6 პროცენტით გაიზარდა და 170.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 კაპიტალური ტრანსფერები 2008 წლის II კვარტალში 17.9 მლნ აშშ დოლარის ტოლია და, 2008 წლის I კვარტალთან შედარებით, 3.8 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო, 2007 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 34.1 პროცენტითაა შემცირებული. საანგარიშო პერიოდში უმნიშვნელოდ გაიზარდა სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები როგორც წინა კვარტალთან, ასევე 2007 წლის წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (6.4 პროცენტი და 4.3 პროცენტი, შესაბამისად).

პირდაპირი ინვესტიციები 2008 წლის II კვარტალში, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42.5 პროცენტით გაიზარდა და 522.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო, I კვარტალთან შედარებით, ადგილი ჰქონდა პირდაპირი ინვესტიციების 23.7-პროცენტიან ზრდას. ინვესტიციების მატება გამო­წვეულია როგორც პრივატიზაციის პროცესით (202 მლნ აშშ დოლარი) და ინვესტიციების განხორციელებით საბანკო და სამეწარმეო სექტორებში (ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში 376.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ასევე რეინვესტიციის მნიშვნელოვანი ზრდით, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 116.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და, I კვარტალთან შედარებით, 1.5-ჯერ, ხოლო, 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.1- ჯერ გაიზარდა. სხვა კაპიტალის, ანუ სხვადასხვა ტიპის სესხების სახით შემოსულმა ინვესტიციამ 29.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და შემცირდა როგორც წინა კვარტალის, ასევე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (53.4 პროცენტით და 6.1-ჯერ, შესაბამისად).

პორტფელის ინვესტიციები საბანკო და კერძო სექტორებში 2008 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, მოკრძალებულია და აქციების სახით 13.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ევრობლიგაციები, ასევე, განეკუთვნება პორტფელის ინვესტიციებს და მათი საშუალებით მოხერხდა 500 მლნ აშშ დოლარის მობილიზება. ამრიგად, მკვეთრად გაიზარდა მთლიანად პორტფელის ინვესტიციები, რომლის წმინდა სალდომ 473.9 მლნ აშშ დოლარი, მათ შორის, აქტივების ზრდამ 46.7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდამ 520.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში სხვა ინვესტიციების სალდომ 18.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იგი შემცირებულია როგორც 2008 წლის I კვარტალთან, ასევე 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ მკვეთრადაა გაზრდილი როგორც აქტივები (ზრდამ 414.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ასევე ვალდებულებები (432.9 მლნ აშშ დოლარი). აქტივების 92.5 პროცენტი ნაღდი ფული და დეპოზიტებია (383.6 მლნ აშშ დოლარი), რომლის 82.9 პროცენტი სამთავრობო, ხოლო 15.3 პროცენტი საბანკო სექტორზე მოდის. ვალდებულებების 70.6 პროცენტი სესხებია. საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების სესხი გაიზარდა 313.8 მლნ აშშ დოლარით, სამთავრობო სექტორისა - 27.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა სექტორების სესხები 33.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2008 წლის II კვარტალში სარეზერვო აქტივების ოპერაციულმა ზრდამ 112.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მთლიანად საერთაშორისო რეზერვებმა 1526.1 მლნ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტა114.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ანგარიში 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სხვა სიახლეები