საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2021 წელი, პირველი კვარტალი)
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2021 წლის პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 365.5 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 13.8 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -11.2 პროცენტიდან -10.7 პროცენტამდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 14.5 პროცენტით შემცირდა და 755.6 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1 პროცენტით შემცირდა.
2021 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -137.6 მლნ აშშ დოლარი (-455.9 მლნ ლარი) იყო. შემცირდა როგორც დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება (35.2 პროცენტით), ასევე უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი (25.3 პროცენტით).
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 30.2 პროცენტით გაიზარდა და 2021 წლის პირველ კვარტალში 526.9 მლნ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 28.9 პროცენტით გაიზარდა 482.7 მლნ აშშ დოლარამდე (1.6 მლრდ ლარი). გაზრდილია სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერებიც.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 42.3 მლნ აშშ დოლარი (140.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.2 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304