საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2020 წელი, პირველი კვარტალი)
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 417.7 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობის ანგარიშსა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 86.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 5.9 პროცენტიდან -11.0 პროცენტამდე.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 11.4 პროცენტით გაიზარდა და 885.9 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 6.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 1.2 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად მოგზაურთა მომსახურების შემოსავლების გამო), ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 15.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.1 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 26.1 პროცენტით შემცირდა და 427.7 მლნ აშშ დოლარს (1.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა.
მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.5 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველ კვარტალში 404.7 მლნ აშშ დოლარს (1.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 11.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამთავრობო სექტორის - უარყოფითი იყო.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 125.7 მლნ აშშ დოლარი (368.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.3 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori