საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2019 წელი, მეორე კვარტალი)
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2019 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 127.6 მლნ აშშ დოლარი (349.4 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 62.6 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა - 8.2 პროცენტიდან 3.2 პროცენტამდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო 2019 წლის მეორე კვარტალში წლიურად 13.7 პროცენტით შემცირდა და 879.7 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მეორე კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 6.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 8.4 პროცენტით გაიზარდა და მეორე კვარტალში 877.6 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი) გაუტოლდა.
მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.2 პროცენტით შემცირდა და 2019 წლის მეორე კვარტალში 373.3 მლნ აშშ დოლარს (1.0 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში სამთავრობო ტრანსფერები შემცირდა, ხოლო კერძო სექტორის - უმნიშვნელოდ გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეორე კვარტალში 128.7 მლნ აშშ დოლარი (352.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.2 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის
რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori