საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2018 წელი, მეორე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2018 წელი, მეორე კვარტალი)

28 სექტემბერი, 2018
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2018 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი (901.4 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 8.9 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მეორე კვარტალში წლიურად 20.6 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 24.5 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2018 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 19.6 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 18.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 28.6 პროცენტით გაიზარდა და მეორე კვარტალში 810.0 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.0 პროცენტით გაიზარდა  და 2018 წლის მეორე კვარტალში 383.2 მლნ აშშ დოლარი (937.2 მლნ ლარი) შეადგინა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო  სამთავრობო  - შემცირებული.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე  კვარტალში 277.2 მლნ აშშ დოლარი (677.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.7 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებში განხორციელდა.

 
 
 
 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

სხვა სიახლეები