საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2017 წელი, პირველი კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2017 წელი, პირველი კვარტალი)

30 ივნისი, 2017
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2017 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 377.0 მლნ აშშ დოლარი (981.2 მლნ ლარი, პირველი კვარტალის მშპ-ს 11.8 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის პირველ კვარტალში წლიურად 5.6 პროცენტით გაიზარდა და 819.6 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 22.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13.3 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 13.9 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 1.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 23.3 პროცენტით გაიზარდა და  434.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 18.0 პროცენტით გაიზარდა  და 2017 წლის პირველ კვარტალში 327.6 მლნ აშშ დოლარი (852.6 მლნ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, პირველ  კვარტალში 352.1 მლნ აშშ დოლარი (916.6 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 11.0 პროცენტია. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში განხორციელდა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtor

 
                                                                
1 უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.
სხვა სიახლეები