საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2017 წელი, მესამე კვარტალი)
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2017 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 120.4 მლნ აშშ დოლარი (291.4 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 2.9 პროცენტი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მესამე კვარტალში წლიურად 1.4 პროცენტით შემცირდა და 984.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. მესამე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 19.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7.7 პროცენტით გაიზარდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 24.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 19.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 32.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.6 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მესამე კვარტალში 314.5 მლნ აშშ დოლარი (761.3 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე კვარტალში 525.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა,1 რაც კვარტალური მშპ-ს 12.8 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori
___________________________________________