საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2017 წელი, მეორე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2017 წელი, მეორე კვარტალი)

29 სექტემბერი, 2017

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2017 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 276.2 მლნ აშშ დოლარი (668.1 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 7.4 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მეორე კვარტალში წლიურად 12.7 პროცენტით შემცირდა და 858.3 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 25.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 20.1 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 4.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 27.8 პროცენტით გაიზარდა და  658.7 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 4.0 პროცენტით გაიზარდა  და 2017 წლის მეორე კვარტალში 347.2 მლნ აშშ დოლარი (839.9 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე  კვარტალში 289.3 მლნ აშშ დოლარი (699.6 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 7.7 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

 


____________________________________________
1
უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

სხვა სიახლეები