საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2016 წელი, მეორე კვარტალი)
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2016 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 486.9 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 13.4 პროცენტი) შეადგინა.მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეორე კვარტალში წლიურად 2.2-ჯერ გაიზარდა (ძირითადად, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გამო) და 2.2 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 16.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 58.6 პროცენტით გაიზარდა. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 4.6 პროცენტით შემცირდა.
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9.6 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.0 პროცენტით გაიზარდა და 515.3 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 3.6-ჯერ გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა უმთავრესად განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 7.5-ჯერადი მატებით, საიდანაც 1.3 მლრდ აშშ დოლარი ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 380.6 მლნ აშშ დოლარი (842.2 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 10.4 პროცენტია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელდა.
წინამდებარე სტატისტიკური
ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori