საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2016 წელი, მეოთხე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2016 წელი, მეოთხე კვარტალი)

31 მარტი, 2017

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2016 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 661.6 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 17.5 პროცენტი) შეადგინა. ამავდროულად, წლიური მაჩვენებელი 1.9 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და მშპ-ს 13.3 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.7 მლრდ ლარი) შეადგინა, ხოლო წლის განმავლობაში 3.5 პროცენტიანი შემცირების შედეგად 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. მეოთხე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 3.3 პროცენტით ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით გაიზარდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 6.9 პროცენტით,  ხოლო იმპორტი 1.0 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 12.5 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 481.2 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 11.8 პროცენტით გაიზარდა  და 2016 წლის მეოთხე კვარტალში 331.3 მლნ აშშ დოლარი (826.8 მლნ ლარი) შეადგინა. გაზრდილი იყო როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ტრანსფერები.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე  კვარტალში 271.8 მლნ აშშ დოლარი (678.3 მლნ ლარი) შეადგინ1, რაც კვარტალური მშპ-ს 7.2 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori

 

                                                
1 უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.
სხვა სიახლეები