საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2015 წელი, პირველი კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2015 წელი, პირველი კვარტალი)

30 ივნისი, 2015

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2015 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 464.8 მლნ აშშ დოლარი (963.4 მლნ ლარი, პირველი კვარტლის მშპ-ს 14.1 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას აკისრია. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის პირველ კვარტალში  წლიური 14.2 პროცენტიანი მატების შედეგად 970.7 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი უარყოფითი იყო და 26.0 პროცენტს გაუტოლდა.  საქონლის იმპორტშიც ასევე 7.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა და პირველი კვარტლის იმპორტმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი (3.5 მლრდ ლარი) შეადგინა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2015 წლის პირველ კვარტალში იგი წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა და 214.7 მლნ აშშ დოლარს (445.0 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 0.4 პროცენტიანი წლიური მატებით 602.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 3.8 პროცენტი ზრდით 387.6 მლნ აშშ დოლარს (803.6 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (241.3 მლნ აშშ დოლარი ანუ 500.2 მლნ ლარი), 3.9 პროცენტიანი წლიური კლებით.

2015 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის ბალანსი  კვლავ უარყოფითი იყო და მან 38.7 მლნ აშშ დოლარი (80.2 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტმა 221.5 მლნ აშშ დოლარი (459.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2.8 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი უფრო მნიშვნელოვანი, 20.0 პროცენტიანი, კლებით 260.2 მლნ აშშ დოლარს (539.3 მლნ ლარს) გაუტოლდა.

შემცირდა მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის მსხვილი დადებითი კომპონენტი. პირველ კვარტალში წლიურმა კლებამ 6.9 პროცენტი შეადგინა და 329.9 მლნ აშშ დოლარს (683.9 მლნ ლარს) გაუტოლდა. კლება მეტწილად განაპირობა მუშაკთა გზავნილების 26.1 პროცენტიანმა შემცირებამ. 359.1 მლნ აშშ დოლარი (744.3 მლნ ლარი) იყო კვარტლის განმავლობაში მიღებული, ხოლო 29.1 მლნ აშშ დოლარი (60.4 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერები.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მეოთხე კვარტალში 17.0 მლნ აშშ დოლარი (35.3 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 117.5 მლნ აშშ დოლარი (243.5 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 3.6 პროცენტია. პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: ინვესტიციამ სააქციო კაპიტალში შეადგინა 143.9 მლნ აშშ დოლარი (298.2 მლნ ლარი), რეინვესტირებულმა შემოსავალმა  80.6 მლნ აშშ დოლარი (167.0 მლნ ლარი),  ხოლო სხვა კაპიტალმა -49.0 მლნ აშშ დოლარი (-101.5 მლნ ლარი). 

პორტფელის ინვესტიციების უარყოფითმა სალდომ 38.4 მლნ აშშ დოლარი (79.6 მლნ ლარი) შეადგინა. როგორც აქტივებში, ასევე პასივებში ცვლილებები უმნიშვნელო იყო.

სხვა ინვესტიციების სალდო 2015 წლის პირველ კვარტალში 175.4 მლნ აშშ დოლარს (363.6 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში უმნიშვნელოდ გაიზარდა აქტივები. ამასთან, გაზრდილი იყო ვალდებულებებიც 204.8 მლნ აშშ დოლარით (424.5 მლნ ლარი) მისი ყველა კომპონენტის ზრდის გამო.

სარეზერვო აქტივები 2015 წლის პირველ კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 184.8 მლნ აშშ დოლარით (383.0 მლნ ლარით) შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარი (5.5 მლრდ ლარი) შეადგინა.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაშიმისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304


                                                   

1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

 

სხვა სიახლეები