საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2015 წელი, მეოთხე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2015 წელი, მეოთხე კვარტალი)

31 მარტი, 2016

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის - „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2015 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 522.1 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტალის მშპ-ს 14.2 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2015 წლის მეოთხე კვარტალში წლიური 6.9 პროცენტიანი კლების შედეგად 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 21.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13.4 პროცენტით შემცირდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 19.2 პროცენტით  შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2015 წლის მეოთხე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 8.0 პროცენტით შემცირდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 9.0 პროცენტით გაიზარდა და 427.7 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის  დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 13.7 პროცენტით გაიზარდა და 429.6 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერები 6.5-ჯერ გაიზარდა,  ძირითადად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული 130.7 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე, ხოლო სხვა სექტორების მიმდინარე ტრანსფერები 22.4 პროცენტით შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე  კვარტალში 275.8 მლნ აშშ დოლარი (661.3 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც კვარტალური მშპ-ს 7.5 პროცენტია. მეოთხე  კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად საფინანსო სექტორში და ჯანმრთელობის დაცვაში განხორციელდა.



წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=306#sagareoseqtori


 

                                                        

1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

სხვა სიახლეები