საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, პირველი კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, პირველი კვარტალი)

30 ივნისი, 2014
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია“, შესაბამისად.

2014 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 362.8 მლნ აშშ დოლარი (634.8 მლნ ლარი, მშპ–ს 10.0 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. რომლის ბალანსიც პირველ კვარტალში წლიურად 14.0 პროცენტით გაუარესდა, კვარტალურად კი 15.9 პროცენტით გაუმჯობესდა და 849.7 მლნ აშშ დოლარი (1.5 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტმა წლიური 18.3 პროცენტიანი ზრდის ფონზე 982.7 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. იმპორტი კი 16.3 პროცენტიანი ზრდით 1.8 მლრდ აშშ დოლარს (3.2 მლრდ ლარს) გაუტოლდა. 

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2014 წლის პირველ კვარტალში იგი წლიურად 11.9 პროცენტით შემცირდა ექსპორტთან შედარებით იმპორტის წინმსწრები ზრდის გამო და 226.3 მლნ აშშ დოლარს (395.8 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 3.1 პროცენტიანი ზრდით 600.0 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე¬ბის იმპორტი 14.9 პროცენტი ზრდით (რაც მეტწილად სატრანსპორტო მომსახურებით იყო განპირობებული) 373.7 მლნ აშშ დოლარს (653.7 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (250.9 მლნ აშშ დოლარი ანუ 438.8 მლნ ლარი), 2.5 პროცენტი წლიური ზრდით.

შემოსავლების ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2014 წლის პირველ კვარტალში 93.9 მლნ აშშ დოლარი (164.2 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან, შემოსავლის კრედიტი 230.4 მლნ აშშ დოლარი (403.1 მლნ ლარი) 24.7 პროცენტით მეტი იყო 2013 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი 22.4 პროცენტი ზრდით, 324.3 მლნ აშშ დოლარს (567.3 მლნ ლარს) გაუტოლდა. 

მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტი, წლიური 0.2 პროცენტიანი კლების შედეგად 354.4 მლნ აშშ დოლარს (620.0 მლნ ლარს) შეადგენდა. კლება განაპირობა სახელმწიფო  ტრანსფერების შემცირებამ, ხოლო კერძო ტრანსფერები გაიზარდა.  ამავდროულად, 387.0 მლნ აშშ დოლარი (677.1 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 32.6 მლნ აშშ დოლარი (57.0 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ პირველ კვარტალში 12.3 მლნ აშშ დოლარი (21.5 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, პირველ კვარტალში 229.4 მლნ აშშ დოლარი (401.3 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 6.0 პროცენტია. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 36.6 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა - 40.6 პროცენტი,  ხოლო სხვა კაპიტალმა - 22.9 პროცენტი.  

პორტფელის ინვესტიციების სალდომ -14.1 მლნ აშშ დოლარი (-24.8 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან აქტივები, კვარტალის განმავლობაში გაიზარდა 31.6 მლნ აშშ დოლარით (55.3 მლნ. ლარით), კომერციული ბანკების მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლარში ნომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენის გამო. ხოლო ვალდებულებები გაიზარდა 17.5 მლნ აშშ დოლარით (30.6 მლნ ლარით). 

სხვა ინვესტიციების სალდო 2014 წლის პირველ კვარტალში -106.1 მლნ აშშ დოლარს (-185.6 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში აქტივები შემცირდა 95.8 მლნ აშშ დოლარით (167.6 მლნ ლარით), რაც დეპოზიტების, სესხების და სავაჭრო კრედიტების შემცირებით იყო განპირობებული; ამავდროულად, ვალდებულებები 201.9 მლნ აშშ დოლარით (353.2 მლნ ლარით) შემცირდა, ძირითადად სესხების შემცირების გამო. მოცემულ პერიოდში სხვა ინვესტიციების ვალდებულებებში სავაჭრო კრედიტები 25.4 მლნ აშშ დოლარით (44.4 მლნ ლარით), სესხები 177.9 მლნ აშშ დოლარით (311.2 მლნ ლარით) და დეპოზიტები 10.4 მლნ აშშ დოლარით (18.2 მლნ ლარით) შემცირდა. ხოლო სხვა ვალდებულებები 11.8 მლნ აშშ დოლარით (20.7 მლნ ლარით) გაიზარდა. 

სარეზერვო აქტივები 2014 წლის პირველ კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 228,8 მლნ აშშ დოლარით (400.3 მლნ ლარით) შემცირდა და 2.6 მლრდ აშშ დოლარი (4.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.5 თვის იმპორტს უზრუნველყოფს. 
 
____________________________________
1 უცხოური
 პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან. 

სხვა სიახლეები