საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, მესამე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, მესამე კვარტალი)

30 დეკემბერი, 2014

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2014 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 226.9 მლნ აშშ დოლარი (395.9 მლნ ლარი, მშპ-ს 5.3 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. 2013 წლის გაუმჯობესების შემდეგ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2014 წელს კვლავ მზარდი იყო და მესამე კვარტალში წლიური 25.2 პროცენტიანი და კვარტალური 4.3 პროცენტიანი მატების შედეგად 1.1 მლრდ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი უარყოფითი იყო და -10.1 პროცენტს გაუტოლდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებით, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული ქართულ ექსპორტში პირველ პოზიციაზეა. ექსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენს აგრეთვე უკრაინაში განვითარებული მოვლენებიც. ექსპორტის საპირისპიროდ, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია იმპორტის ზრდის ტემპი. საქონლის იმპორტმა მესამე კვარტალში 4.9 პროცენტიანი ზრდის ფონზე 2.1 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2014 წლის მესამე კვარტალში იგი წლიურად 2.1 პროცენტით გაიზარდა და 526.5 მლნ აშშ დოლარს (918.8 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 2.4 პროცენტიანი ზრდით 979.7 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 2.8 პროცენტი ზრდით 453.2 მლნ აშშ დოლარს (791.0 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (565.0 მლნ აშშ დოლარი ანუ 986.1 მლნ ლარი), 9.4 პროცენტი წლიური ზრდით.

შემოსავლების ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2014 წლის მესამე კვარტალში 44.9 მლნ აშშ დოლარი (78.4 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან, შემოსავლის კრედიტი 276.2 მლნ აშშ დოლარი (482.1 მლნ ლარი) 17.2 პროცენტით მეტი იყო 2013 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი 5.2 პროცენტიანი ზრდით 321.2 მლნ აშშ დოლარს (560.5 მლნ ლარს) გაუტოლდა.

მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის მსხვილი დადებითი კომპონენტი, წლიური 4.1 პროცენტიანი ზრდის შედეგად 370.3 მლნ აშშ დოლარს (646.3 მლნ ლარს) შეადგენდა. ზრდა განაპირობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო  ტრანსფერების მატებამ. ამავდროულად, 405.3 მლნ აშშ დოლარი (707.4 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 35.0 მლნ აშშ დოლარი (61.1 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მესამე კვარტალში 27.0 მლნ აშშ დოლარი (47.2 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე კვარტალში 434.9 მლნ აშშ დოლარი (759.0 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით გაზრდილია მშენებლობის სექტორში, ასევე საგრძნობი მატებაა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, მრეწველობასა და უძრავ ქონებაში.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 73.9 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა - 25.7 პროცენტი, ხოლო სხვა კაპიტალმა - 0.4 პროცენტი. 

პორტფელის ინვესტიციების სალდომ 5.0 მლნ აშშ დოლარი (8.7 მლნ ლარი) შეადგინა. როგორც აქტივებში, ასევე პასივებში ცვლილებები უმნიშვნელო იყო.

სხვა ინვესტიციების სალდო 2014 წლის მესამე კვარტალში 44.8 მლნ აშშ დოლარს (78.2 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში აქტივები გაიზარდა 110.5 მლნ აშშ დოლარით (192.9 მლნ ლარით), გაზრდილი იყო აქტივების ყველა კომპონენტი სხვა აქტივების გარდა (სავაჭრო კრედიტები, სესხები და დეპოზიტები); ამავდროულად, ვალდებულებები გაიზარდა 155.3 მლნ აშშ დოლარით სესხების ზრდის გამო.

სარეზერვო აქტივები 2014 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 264.0 მლნ აშშ დოლარით (460.8 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი (4.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.1 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

 

                                       
                                                

1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

 

სხვა სიახლეები