საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, მეორე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, მეორე კვარტალი)

01 ოქტომბერი, 2014

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2014 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 385.7 მლნ აშშ დოლარი (679.8 მლნ ლარი, მშპ-ს 9.5 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. 2013 წლის გაუმჯობესების შემდეგ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2014 წელს კვლავ მზარდი იყო და მეორე კვარტალში წლიური 18.3 პროცენტიანი და კვარტალური 22.0 პროცენტიანი მატების შედეგად 1.0 მლრდ აშშ დოლარი (1.8 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი საგრძნობლად შენელდა და 4.7 პროცენტს გაუტოლდა, რაც განპირობებული იყო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებით, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული ქართულ ექსპორტში პირველ პოზიციაზეა. ექსპორტის საპირისპიროდ, გასულ წელთან შედარებით გაზრდილია იმპორტის ზრდის ტემპი. საქონლის იმპორტმა მეორე კვარტალში 11.1 პროცენტიანი ზრდის ფონზე 2.1 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი) შეადგინა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. თუმცა 2014 წლის მეორე კვარტალში იგი წლიურად 7.6 პროცენტით შემცირდა ექსპორტთან შედარებით იმპორტის წინმსწრები ზრდის გამო და 347.2 მლნ აშშ დოლარს (611.8 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 2.3 პროცენტიანი ზრდით 746.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 12.7 პროცენტი ზრდით  398.8 მლნ აშშ დოლარს (702.9 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (359.0 მლნ აშშ დოლარი ანუ 632.7 მლნ ლარი), 1.1 პროცენტი წლიური ზრდით. ტურიზმიდან შემოსავლების დაბალი ზრდა მაის-ივნისში დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩაკეტილმა გზამ გამოიწვია.

შემოსავლების ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2014 წლის მეორე კვარტალში 62.5 მლნ აშშ დოლარი (110.2 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან, შემოსავლის კრედიტი 220.3 მლნ აშშ დოლარი (388.2 მლნ ლარი) 1.3 პროცენტით მეტი იყო 2013 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი 2.4 პროცენტი კლებით, 282.8 მლნ აშშ დოლარს (498.4 მლნ ლარს) გაუტოლდა.

მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტი, წლიური 2.5 პროცენტიანი კლების შედეგად 366.3 მლნ აშშ დოლარს (645.7 მლნ ლარს) შეადგენდა. კლება განაპირობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო  ტრანსფერების შემცირებამ. ამავდროულად, 397.6 მლნ აშშ დოლარი (700.8 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 31.3 მლნ აშშ დოლარი (55.1 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მეორე კვარტალში 30.5 მლნ აშშ დოლარი (53.8 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 120.1 მლნ აშშ დოლარი (211.6 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 2.9 პროცენტია. აღსანიშნავია რომ უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება განაპირობა საფინანსო სექტორის პირდაპირი ინვესტიციების (10 პროცენტზე მეტი წილი) შემცირებამ, ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წილების გაყიდვის გამო. ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზარდა პორტფელის ინვესტიციები სააქციო კაპიტალში (10 პროცენტზე ნაკლები წილით), ანუ პირდაპირი ინვესტიციები ჩაანაცვლა პორტფელის ინვესტიციებმა. 2014 წლის მეორე კვარტალში საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალში 199.7 მლნ აშშ დოლარის პორტფელის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს სხვა სექტორებში,  მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებაში. თუ გამოვრიცხავთ საფინანსო სექტორს, დანარჩენ სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 43.8 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 56.8 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა - 39.6 პროცენტი,  ხოლო სხვა კაპიტალმა -3.6 პროცენტი. 

პორტფელის ინვესტიციების სალდომ 206.5 მლნ აშშ დოლარი (363.9 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან აქტივები, კვარტალის განმავლობაში გაიზარდა 2.7 მლნ აშშ დოლარით (4.7 მლნ. ლარით). ხოლო ვალდებულებები გაიზარდა 209.2 მლნ აშშ დოლარით (368.6 მლნ ლარით).

სხვა ინვესტიციების სალდო 2014 წლის მეორე კვარტალში-98.8 მლნ აშშ დოლარს (-174.1 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში აქტივები გაიზარდა 100.1 მლნ აშშ დოლარით (176.5 მლნ ლარით), რაც დეპოზიტების და სავაჭრო კრედიტების ზრდით იყო განპირობებული; ამავდროულად, ვალდებულებები გაიზარდა უმნიშვნელოდ 1.4 მლნ აშშ დოლარით (2.4 მლნ ლარით).

სარეზერვო აქტივები 2014 წლის მეორე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 103.4 მლნ აშშ დოლარით (182.3 მლნ ლარით) შემცირდა და 2.5 მლრდ აშშ დოლარი (4.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.0 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304


                                       
1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

 

სხვა სიახლეები