საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, მეოთხე კვარტალი)

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2014 წელი, მეოთხე კვარტალი)

31 მარტი, 2015

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2014 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 625.9 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი, მეოთხე კვარტლის მშპ-ს 13.8 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. 2013 წლის გაუმჯობესების შემდეგ საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2014 წელს კვლავ მზარდი იყო და მეოთხე კვარტალში წლიური 25.0 პროცენტიანი მატების შედეგად 1.3 მლრდ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის წლიური ზრდის ტემპი უარყოფითი იყო და 20.0 პროცენტს გაუტოლდა. ექსპორტზე უარყოფით გავლენას ახდენს რეგიონში განვითარებული მოვლენები. მეოთხე კვარტალში არ გაზრდილა იმპორტი და 2.3 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტის შემცირებისა და უცვლელი იმპორტის შედეგად სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად (25 პროცენტით) გაუარესდა წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2014 წლის მეოთხე კვარტალში იგი წლიურად 5.3 პროცენტით შემცირდა და 244.0 მლნ აშშ დოლარს (440.1 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 0.4 პროცენტიანი წლიური კლებით 693.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) იყო, ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 2.5 პროცენტი ზრდით 449.0 მლნ აშშ დოლარს (809.8 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (313.6 მლნ აშშ დოლარი ანუ 565.7 მლნ ლარი), 1.4 პროცენტი წლიური ზრდით.

დადებითი იყო შემოსავლის ბალანსი 2014 წლის მეოთხე კვარტალში და მან 52.9 მლნ აშშ დოლარი (95.4 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის დადებითი სალდო მეოთხე კვარტალში განპირობებული იყო საინვესტიციო შემოსავლების (ძირითადად პირდაპირ ინვესტიციებზე) დებეტის კლებით. შემოსავლის კრედიტმა 259.8 მლნ აშშ დოლარი (468.6 მლნ ლარი) შეადგინა და 8.6 პროცენტით ნაკლები იყო 2013 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი მნიშვნელოვანი, 39.8 პროცენტიანი, კლებით 206.9 მლნ აშშ დოლარს (373.2 მლნ ლარს) გაუტოლდა.

შემცირდა მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის მსხვილი დადებითი კომპონენტი. მეოთხე კვარტალში წლიურმა კლებამ 9.6 პროცენტი შეადგინა და  339.9 მლნ აშშ დოლარს (613.1 მლნ ლარს) გაუტოლდა. კლება მეტწილად განაპირობა მუშაკთა გზავნილების 15.1 პროცენტიანმა შემცირებამ. 377.1 მლნ აშშ დოლარი (680.2 მლნ ლარი) იყო კვარტლის განმავლობაში მიღებული, ხოლო 37.2 მლნ აშშ დოლარი (67.1 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერები.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მეოთხე კვარტალში 44.8 მლნ აშშ დოლარი (80.7 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 288.7 მლნ აშშ დოლარი (520.7 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 6.4 პროცენტია. მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, მშენებლობის და საფინანსო სექტორებში განხორციელდა.

2014 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 75.1 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა - 5.9 პროცენტი, ხოლო სხვა კაპიტალმა - 19.0 პროცენტი. 

პორტფელის ინვესტიციების სალდომ 14.8 მლნ აშშ დოლარი (26.6 მლნ ლარი) შეადგინა. როგორც აქტივებში, ასევე პასივებში ცვლილებები უმნიშვნელო იყო.

სხვა ინვესტიციების სალდო 2014 წლის მეოთხე კვარტალში 333.9 მლნ აშშ დოლარს (602.2 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა აქტივები. ამასთან, გაზრდილი იყო ვალდებულებები 326.7 მლნ აშშ დოლარით (589.3 მლნ ლარი) მისი ყველა კომპონენტის ზრდის გამო.

სარეზერვო აქტივები 2014 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 34.9 მლნ აშშ დოლარით (62.9 მლნ ლარით) გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.3 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.


 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304


 


1უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები მცირედ განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება.  საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

სხვა სიახლეები