საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

საქართველოს საგადასახდელო ბალანსი

31 მარტი, 2014

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

2013 წლის მეოთხე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 5.4 პროცენტით გაიზარდა და 390.1 მლნ აშშ დოლარი (657.6 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობამ მეოთხე კვარტალში  8.6 პროცენტი შეადგინა. ხოლო 2013 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა 5.9 პროცენტია, რაც 5.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2012-ის წლიურ მაჩვენებელზე.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში წამყვანი წვლილი ტრადიციულად საქონლით ვაჭრობას შეაქვს. რომლის ბალანსიც მეოთხე კვარტალში წლიურად 7.9 პროცენტით გაუმჯობესდა, კვარტალურად კი 17.3 პროცენტით გაუარესდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტმა წლიური 41.5 პროცენტიანი ზრდის ფონზე 1.3 მლრდ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი) შეადგინა. იმპორტი კი 14.3 პროცენტიანი ზრდით 2.3 მლრდ აშშ დოლარს (3.8 მლრდ ლარს) გაუტოლდა. 2013 წელს, გასულ წელთან შედარებით, საქონლით ვაჭრობის ბალანსი 17.2 პროცენტით გაუმჯობესდა და 3.5 მლრდ აშშ დოლარს (5.8 მლრდ ლარს) გაუტოლდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. მეოთხე კვარტალში იგი წლიურად 13.7 პროცენტით შემცირდა ექსპორტთან შედარებით იმპორტის წინმსწრები ზრდის გამო და 259.3 მლნ აშშ დოლარს (437.1 მლნ ლარს) გაუტოლდა. აქედან,  მომსახურების ექსპორტი 6.3 პროცენტიანი ზრდით 698.0 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) იყო. ხოლო მომსახურე­ბის იმპორტი 23.3 პროცენტი ზრდით (რაც მეტწილად სატრანსპორტო მომსახურებით იყო განპირობებული), 438.6 მლნ აშშ დოლარს (739.4 მლნ ლარი) შეადგენდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება გამოირჩევა (309.2 მლნ აშშ დოლარი ანუ 521.2 მლნ ლარი), 7.3 პროცენტი წლიური ზრდით. 2013 წლის განმავლობაში ტურისტული მომსახურების სალდო 23.5 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა.

შემოსავლების ბალანსის უარყოფითმა სალდომ მეოთხე კვარტალში 15.2 მლნ აშშ დოლარი (25.6 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან, შემოსავლის კრედიტი 284.7 მლნ აშშ დოლარი (479.8 მლნ ლარი) 4.9 პროცენტით ნაკლები იყო 2012 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტი კი 3.7 პროცენტი კლებით, 299.8 მლნ აშშ დოლარს (505.4 მლნ ლარს) გაუტოლდა.

მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი დადებითი კომპონენტი, მეოთხე კვარტალში წლიური 14.3 პროცენტიანი კლების შედეგად 375.5 მლნ აშშ დოლარს (632.9 მლნ ლარს) შეადგენდა. კლება განაპირობა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ტრანსფერების შემცირებამ. სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები 37.4 პროცენტით, ხოლო სხვა სექტორების 11.7 პროცენტით შემცირდა. ამავდროულად, 410.6 მლნ აშშ დოლარი (692.0 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 35.1 მლნ აშშ დოლარი (59.1 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. წლის განმავლობაში მიმდინარე ტრანსფერები 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი)  შეადგინა.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინებამ მეოთხე კვარტალში 37.1 მლნ აშშ დოლარი (62.6 მლნ ლარი) შეადგინა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეოთხე კვარტალში 161.1 მლნ აშშ დოლარი (271.5 მლნ ლარი) შეადგინა1, რაც მშპ-ს 3.5 პროცენტია. 2013 წლის განმავლობაში წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მშპ-თან ფარდობა 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 5.6 პროცენტის გაუტოლდა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოდგენილია შემდეგი სახით: სააქციო კაპიტალმა შეადგინა მთლიანი ინვესტიციის 63.0 პროცენტი, რეინვესტირებულმა შემოსავალმა -  24.6 პროცენტი,  ხოლო სხვა კაპიტალმა - 12.4 პროცენტი. 

პორტფელის ინვესტიციების სალდომ 163.0 მლნ აშშ დოლარი (274.8 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან აქტივები შემცირდა 1.1 მლნ აშშ დოლარით (1.8 მლნ. ლარით), ხოლო ვალდებულებები გაიზარდა 162.0 მლნ აშშ დოლარით (273.0 მლნ ლარით) საბანკო სექტორის სავალო ფასიანი ქაღალდების ხარჯზე.

სხვა ინვესტიციების სალდო 2013 წლის მეოთხე კვარტალში -190.5 მლნ აშშ დოლარს (-321.1 მლნ ლარს) შეადგენდა. კვარტალის განმავლობაში აქტივები გაიზარდა 326.5 მლნ აშშ დოლარით (550.4 მლნ ლარით), რაც დეპოზიტებისა და სავაჭრო კრედიტების ზრდით იყო განპირობებული; ამავდროულად, ვალდებულებები 136.0 მლნ აშშ დოლარით (229.3 მლნ ლარით) გაიზარდა სესხების და დეპოზიტების ზრდის გამო. მოცემულ პერიოდში სხვა ინვესტიციების ვალდებულებეში სავაჭრო კრედიტები 16.4 მლნ აშშ დოლარით (27.6 მლნ ლარით), სესხები 86.2 მლნ აშშ დოლარით (145.3 მლნ ლარით) და დეპოზიტები 34.9 მლნ აშშ დოლარით (58.8 მლნ ლარით) გაიზარდა. ხოლო სხვა ვალდებულებები 1.4 მლნ აშშ დოლარით (2.4 მლნ ლარით) შემცირდა.

სარეზერვო აქტივები 2013 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 252.7 მლნ აშშ დოლარით (426.0 მლნ ლარით) შემცირდა და 2.8 მლრდ აშშ დოლარი (4.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 3.6 თვის იმპორტს უზრუნველყოფს.


________________________________

1 უცხოური  პირდაპირი ინვესტიციები განსხვავდება საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებისგან. აღნიშნული მონაცემები, როგორც წესი, იზრდება წლიური გამოკვლევის შემდეგ, რადგან ხდება კვარტალური მოგება-ზარალის დაზუსტება. საგადასახდელო ბალანსში მოცემული მონაცემები წინასწარ შესწორებულია აღნიშნული ეფექტის გათვალისწინებით, რაც ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო მეთოდოლოგიასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის ROSC-ის მისიის რეკომენდაციასთან. წლიური გამოკვლევის შემდეგ, როდესაც დაზუსტდება უცხოური  პირდაპირი ინვესტიციების მონაცემები, საგადასახდელო ბალანსის მონაცემები კვლავ შესაბამისობაში მოვა საქსტატის მონაცემებთან.

სხვა სიახლეები