საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიში დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2013 წლის ანგარიში დაამტკიცა

30 ივლისი, 2014
საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილების პროექტს “საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე”, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წარადგინა.

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2013 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2013 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

„წელს საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად დაასრულებს ე.წ. SBA-ს ფარგლებში აღებულ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის დაფარვას და ეს იქნება პირველი შემთხვევა 1994 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ეროვნულ ბანკს აღარ ექნება სავალუტო ფონდის ვალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იმ ჯგუფებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ჩვენი მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს თვალყურს ადევნებენ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ 2013 წლის ანგარიშის წარდგენისას.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა 2013 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებად რჩებოდა სავალუტო ბაზრის განვითარება და საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება.

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. ასეთი სახის სავალუტო რეჟიმი საქართველოს მსგავსი მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნებისათვის წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ ინსტრუმენტს და ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. იმისათვის, რომ ბაზარზე არ წარმოქმნილიყო სპეკულაციური მოლოდინები, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ბაზარზე ვალუტის მიწოდება, რამაც ნოემბერ-დეკემბერში 220 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2013 წელს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ჯამში 335 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. შესაბამისად, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ გასულ წელს დაიფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხის ნაწილი, 382 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, საერთაშორისო რეზერვები მხოლოდ $50 მილიონით შემცირდა. საბოლოო ჯამში 2013 წლის ბოლოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ რიგგარეშე სესიაზე ყურადღება გაამახვილა საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენციაზე და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. „ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია რეგიონში, მსოფლიოში და ა.შ. ეს არ არის ასე. ჩვენ საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციას KPMG - ის დავუკვეთეთ კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებია უმეტეს შემთხვევაში, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, ეს განაკვეთები არ არის ისეთი, როგორიც დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, მაგრამ გასაგებია, რომ ჩვენი ეკონომიკაც არ იმყოფება იმ ფაზაში, როგორიც დასავლური ეკონომიკებია, თუმცა თუ დინამიკას შევხედავთ, სახეზეა მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2013 წლის ერთერთი მთავარი გამოწვევა იყო არასაბანკო ფინანსური სექტორის სწრაფი ზრდა, რაც ზრდის მოსახლეობის ვალის გადახდის ტვირთს. თუ ამას დაემატება ის, რომ ეს გახლავთ ყველაზე ძვირადღირებული ფინანსური პროდუქტი, მომხმარებელი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული ყველა ხარჯისა და რისკის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მისი რეგულირების ქვეშ მყოფ ფინანსურ ინსტიტუტებში. საქართველოს ეროვნული ბანკი, აღრიცხავს მომხმარებელთა პრეტენზიებს და სისტემური პრობლემების შემთხვევაში იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. „2013 წელს ბანკებში სულ დაფიქსირდა 2,612 პრეტენზია, რომელთა მესამედი საფუძვლიანი იყო. აღსანიშნავია, რომ საფუძვლიანი პრეტენზიების წილი 2011–2012 წლებთან შედარებით შემცირდა, როდესაც ის 50 პროცენტი იყო. აღნიშნული მიანიშნებს ბანკების მიერ იდენტიფიცირებული ტექნიკური და მომსახურების ხარისხის მხრივ არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრაზე“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მნიშვნელოვანია სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა“ (FSAP), რომლის მიხედვით ეროვნული ბანკის საქმიანობა წარმატებულად შეფასდა. მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სისტემამ მდგრადობა გამოავლინა. მართალია არსებობს სხვადასხვა გრძელვადიანი რისკი, რომელიც უკავშირდება დოლარიზაციას, ლიკვიდობასა და სესხების კონცენტრაციას. თუმცა ამ ეტაპზე, აღნიშნული რისკები ძირითადად მიტიგირებულია. აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფში მიიწვიეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე: „ეროვნული ბანკის როგორც ორგანიზაციის, წარმატება და ზრდა, ეროვნულ ბანკში არსებული გუნდის ეფექტური მუშაობის და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია, რაზეც არაერთი ფაქტორი მეტყველებს. ჩვენი გუნდის წევრები, სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მსოფლიო ბანკი), ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან: რეფორმების ექსპორტის განხორციელების მიზნით, ძირითადად მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, 10-ზე მეტმა ქვეყანამ გაიარა კონსულტაციები საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ქვეყნების გეოგრაფიული განაწილება მოიცავს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე აფრიკის, აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კანონმდებლებმა ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასეს. გიორგი ქადაგიძემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა სიახლეები