საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2010 წლის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2010 წლის ანგარიში მოისმინა

29 ოქტომბერი, 2011

დღეს, საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით ერთხმად, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს “საქართველოს ეროვნული ბანკის 2010 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე”, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ  წარადგინა.

ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშში დეტალურად არის განხილული ეროვნული ბანკის 2010 წლის საქმიანობა. აგრეთვე, ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2010 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდნენ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ინფლაცია იყო და წლის მეორე ნახევარში ის მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ, 11,2%-მდე. აღნიშნული ციფრიდან 9/10 სწორედ სურსათის გაძვირებაზე მოდიოდა.

გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აცნობიერებდა, რომ ინფლაცია გამოწვეული იყო გარე ფაქტორებიდან და მაშინვე ამბობდა, რომ 2011 წლის მეორე ნახევარში ზღვრულ ნორმას დაუბრუნდებოდა. „ყველა კრიტიკა, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ იყო მაშინ გამოთქმული, რომ თითქოს ინფლაცია ბაზარზე არაზომიერად დიდი ფულის გაშვებით იყო გამოწვეული, გაბათილდა“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიღწევად ექსპორტიდან და მომსახურების სექტორიდან შემოსავლების მიღება დაასახელა. როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, 2010 წელი იყო ძალიან პოზიტიური, რადგან ეკონომიკური მაჩვენებელი დაუბრუნდა კრიზისამდელ პერიოდს და უმეტესი მიმართულებით გაასწრო კიდეც. აღინიშნა ის დადებითი ფაქტი, რომ თუკი 2005-2007 წლებში ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო, 2010 წელს  ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ექსპორტისა და მომსახურების სექტორიდან მიღებული შემოსავალი გახდა. ქვეყანამ პირველად ამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი შემოსავლები ტურიზმიდანაც მიიღო.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს დღეს ისტორიულად მაღალი სავალუტო რეზერვი აქვს. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, საქართველოს ისტორიულად მაღალი სავალუტო რეზერვი, რაც დღეისათვის 2 მილიარდ 800 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტიაა. "ამ მიმართულებით არანაირი კითხვა არ არსებობს და ვართ ძალიან კარგ პოზიციაში განსაკუთრებით იმ ფონზე, რა პროცესებიც ვითარდება დღეს ევროპასა და განვითარებულ სამყაროში", - განაცხადა  გიორგი ქადაგიძემ.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სამომხმარებლო კრედიტების თემაზე ისაუბრა და  განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპასთან შედარებით  საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ მაღალია და სწორედ ამიტომ სესხების დაგრძელვადიანება და განაკვეთების შემცირება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის განხორციელება კი მოსახლეობას ტვირთს შეუმსუბუქებს. დარგის პროგრესის დამადასტურებლად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ის დაასახელა, რომ 5-6 წლის წინ წარმოუდგენელი იყო სესხის 11-12%-იანი განაკვეთით გაცემა. "12-13%-იანი განაკვეთი მაშინ იყო დეპოზიტებზე და ანაბრებზე, დღეს კი უკვე განაკვეთია სესხებზე. დინამიკა ცალსახად დადებითია", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვას, გიორგი ქადაგიძის თქმით, ამ მხრივ უკვე გადაიდგა ნაბიჯები და გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელს შესთავაზა დავების სამსახური, რომელიც კარგად მუშაობს. გიორგი ქადაგიძის თქმით, ამ სამსახურში არის მიმართვიანობის დიდი რაოდენობა, მიმდინარეობს სისტემური პრობლემების კვლევა და შემდეგ ამაზე რეაგირება კეთდება. "ჩვენ განვითარების იმ ფაზაში ვართ, როცა ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ მომხმარებლის უფლებების დაცვასა და საფინანსო ინსტიტუტის უფლებებს შორის. თუ შუალედი ვერ ვიპოვეთ და არაპორპორციულად გადავიხარეთ, კარგ შედეგამდე არ მივალთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

როგორც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა  2012 წლის იანვრიდან  სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება დაევალებათ. ეს ინიციატივა ეროვნულ ბანკს ეკუთვნის. მისი მიზანი შესაბამისი კომპანიების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გამკაცრებაა. გასული წლებისაგან განსხვავებით, დღეს სადაზღვევო სექტორი სერიოზულად ვითარდება. ის ინვესტორებისათვის მიმზიდევლი სექტორი გახდა. გარდა იმისა, რომ სადაზღვევო ბაზარზე რამდენიმე უცხოელი ინვესტორი უკვე საქმიანობს, მისით უკვე დიდი ევროპული სადაზღვევო კომპანიებიც ინტერესდებიან.

 

 

სხვა სიახლეები