საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

31 მარტი, 2014

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია  საერთაშორისო სავალუტო ფონდის  მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 13.6 მლრდ აშშ დოლარი (23.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 84.6 პროცენტია; აქედან, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.4 მლრდ აშშ დოლარი (9.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 33.2 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი (7.3, მლრდ ლარი; მშპ-ს 26.0 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალი - 338.2 მლნ აშშ დოლარი (587.2 მლნ ლარი; მშპ-ს 2.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ვალი - 833.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.2 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.6 მლრდ აშშ დოლარი (4.6 მლრდ ლარი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 3.4 მლრდ აშშ დოლარი (5.9 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისო ვალმა 3.1 მლრდ აშშ დოლარი (5.4 მლრდ ლარი). მთლიანი საგარეო ვალის 94.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 319.6 მლნ აშშ დოლარით (538.7 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ვალი გაიზარდა ოპერაციული და სხვა ცვლილებების  გამო. ზრდამ შესაბამისად 334.0 მლნ აშშ დოლარი (563.0 მლნ ლარი) და 136.9 ათასი აშშ დოლარი (230.7 ათასი ლარი) შეადგინა. ამავე კვარტალში ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო მთლიანი საგარეო ვალი შესაბამისად 11.8 მლნ აშშ დოლარით (19.9 მლნ ლარით) და 2.8 მლნ აშშ დოლარით (4.7 მლნ. ლარით) შემცირდა.

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 97.9 მლნ აშშ დოლარით (165.1 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული და საკურსო ცვლილებების  შედეგად ვალი შესაბამისად 85.3 მლნ აშშ დოლარით (143.7 მლნ ლარით) და 13.3 მლნ. აშშ დოლარით (22.4 მლნ. ლარით) გაიზარდა. ხოლო ფასის ცვლილებების შედეგად ვალი 625.0  ათასი აშშ დოლარით (1.1 მლნ ლარით) შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 35.7 მლნ აშშ დოლარით (60.2 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის ვალდებულებები 37.0 მლნ აშშ დოლარით (62.4 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 1.3 მლნ აშშ დოლარით (2.2 მლნ ლარით) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში საბანკო სექტორის საგარეო ვალდებულებები 237.6 მლნ აშშ დოლარით (400.6 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც მთლიანად გამოწვეული იყო ოპერაციული ცვლილებების გამო, რომელმაც 240.6 მლნ აშშ დოლარი (405.6 მლნ ლარი) შეადგინა. ფასისა და საკურსო ცვლილებების გამო საბანკო სექტორის ვალდებულებები შემცირდა, კლებამ შესაბამისად 2.7 მლნ აშშ დოლარი (4.6 მლნ. ლარი) და 278.7 ათასი აშშ დოლარი (469.8 ათასი ლარი) შეადგინა.

სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები 6.2 მლნ აშშ დოლარით (10.4 მლნ ლარით) შემცირდა. აქედან 23.2 მლნ აშშ დოლარით (39.1 მლნ ლარით) შემცირდა არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულე­ბები, ხოლო არასაბანკო საფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებების ზრდამ 17.0 მლნ აშშ დოლარი (28.7 მლნ ლარი) შეადგინა. სხვა სექტორების საგარეო ვალი თანაბრად, 8.4 და 8.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა ფასის და საკურსო ცვლილებების გამო (14.2 და 14.2 მლნ. ლარი), ხოლო გაიზარდა ოპერაციული ცვლილებების შედეგად - 10.2 მლნ აშშ დოლარით (17.2 მლნ ლარით) და სხვა ცვლილების შედეგად 450.3 ათასი აშშ დოლარით (758.9 ათასი ლარით). 

საანგარიშო პერიოდში, უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 25.9 მლნ აშშ დოლარით (43.7 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან ოპერაციული ცვლილებების შედეგად ზრდამ 34.9 მლნ აშშ დოლარი (58.9 მლნ ლარი) შეადგინა, ხოლო კლებამ საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად,  შესაბამისად, 8.7 მლნ აშშ დოლარი  და 313.4 ათასი ლარი (14.6  მლნ ლარი და 528.2 ათასი ლარი).

საანგარიშო პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულე­ბების მოცულობა 322.5 მლნ აშშ დოლარით (543.6 მლნ ლარით) გაიზარდა და 12.9 მლრდ აშშ დოლარი (22.3 მლრდ ლარი) შეადგინა. ხოლო ეროვნული ვალუტით დენომინირებული ვალის მოცულობა 2.9 მლნ აშშ დოლარით (4.9 მლნ ლარით) შემცირდა და 781.6 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი) შეადგინა.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8.7 მლრდ აშშ დოლარი (15.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 53.9 პროცენტია; აქედან, წმინდა სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 2.5 მლრდ აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.5 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორის წმინდა საგარეო ვალმა - 6.2 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.4 პროცენტი).

სხვა სიახლეები