საქართველოს ეროვნულ ბანკს Thomson Reuters წარმომადგენლები სტუმრობენ
06 თებერვალი, 2013
6-7 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო მედია და ფინანსური მონაცემების კომპანია - Thomson Reuters წარმომადგენლები ეწვივნენ.
„მსოფლიოს ფინანსური ბაზრები: რისკები და შესაძლებლობები“ - ამ თემაზე Thomson Reuters და ეროვნული ბანკი ქართული კომპანიებისა და კომერციული ბანკებისათვის ორდღიან სამუშაო შეხვედრას მართავს.
Thomson Reuters მიმოიხილავს საერთაშორისო ბაზრებს, თუ როგორ შეიძლება ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების გამოყენება ლიკვიდობის მართვის პროცესში, სავალუტო და საპროცენტო რისკების მართვა დერივატივებით საერთაშორისო ბაზრებზე. შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ფიქსირებული შემოსავლის ბაზარზე, კერძოდ ობლიგაციების პირველად და მეორად ბაზრებზე. განიხილავენ ობლიგაციების საკრედიტო ხარისხისა და შემოსავლიანობის მრუდის ანალიზს და პორტფელის დაცვის საშუალებას: ჰეჯირება ოპციონებით და ფიუჩერსებით. ეროვნული ბანკი მონაწილეებს გააცნობს, მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიასა და ოპერაციებს. ასევე განხილული იქნება შიდა ბაზრებზე ლიკვიდობისა და სავალუტო რისკების მართვის შესაძლებლობები და ძირითადი მეთოდები.
„ეროვნული ბანკი პერიოდულად აწყობს მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრებს, რომლის მიზანია საბანკო და ბიზნეს სექტორის ინფორმირება რისკების მართვის სხვადასხვა ინსტრუმენტებზე როგორც ადგილობრივ ასევე საგარეო ბაზრებზე. ჩვენი ამოცანაა ბაზრის მონაწილეებს დავეხმაროთ გაცვლითი კურსისა და ლიკვიდობის რისკების აქტიურად მართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკის ზრდას. მონაწილეებს გავაცანით ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებები, სწორი გრძელვადიანი მოლოდინების ჩამოყალიბების მიზნით, რათა არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად და ეფექტიანად იყოს გამოყენებული. ასევე გავაცანით საბანკო სექტორში არსებული და მოსალოდნელი სიახლეები, როგორიც არის საცალო სადეპოზიტო სერტიფიკატები და ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის სესხები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
Thomson Reuters არის საერთაშორისო მედია და ფინანსური მონაცემების კომპანია, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ინფორმაციის წყარო ბიზნესისა და პროფესიონალებისათვის. სააგენტო ახორციელებს გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას ფინანსურ, საგადასახადო, აღრიცხვის, იურიდიულ, ჯანდაცვის, სამეცნიერო და მედია ბაზრებისათვის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ნიუსმეიკერი. Thomson Reuters არის 2 კომპანიის: 1851 წლიდან დიდ ბრიტანეთში მოქმედი Reuters Group-ისა და 1930 წლიდან კანადაში მოქმედი The Tomson Corporation-ის გაერთიანების შედეგად 2008 წელს შექმნილი საერთაშორისო მედია და ფინანსური მონაცემების კომპანია, რომლის სათაო ოფისი ნიუ-იორკშია.