საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეწვია
10 დეკემბერი, 2014
„ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარება შვეიცარიელმა კოლეგებმა მირჩიეს“ - ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ტოლკუნბეკ აბდიგულოვი
9-10 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის დელეგაცია, ბანკის პრეზიდენტი ტოლკუნბეკ აბდიგულოვი ეწვია, პრეზიდენტის დელეგაციაში არიან ყირგიზეთის ცეტრალური ბანკის საბჭოს წევრები და დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა. სტუმართა განსაკუთრებული ინტერესის საგანს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი წარმოადგენს, რომელიც ერთადერთია დსთ-ს სივრცეში და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
„ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით გახლდით შვეიცარიის ცენტრალურ ბანკში, მათ მირჩიეს მენახა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი, რომელიც ძალიან სწრაფად აშენდა და სრულად შეესაბამება ევროკავშირის მაღალ სტანდარტებს. თითქმის ნახევარი დღე გავატარე საკასო ცენტრში და დავათვალიერე ეს შენობა. ჩვენი ვიზიტის მიზანია გავიზიაროთ საქართველოს გამოცდილება და უკვე ყირგიზეთში შევეცადოთ განვახორციელოთ მსგავსი პროექტი. ეროვნულ ბანკში მე ვეცნობი პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე, ძალიან მაინტერესებს ბანკის შიგნით ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის საკითხი“, - განაცხადა ყირგიზეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ტოლკუნბეკ აბდიგულოვმა.
ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ტოლკუნბეკ აბდიგულოვი დელეგაციის წევრებთან ერთად დღეს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სტუმარს საკასო ცენტრის სპეციალიზირებული შენობა დაათვალიერებინა და იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომელიც ამ ნაგებობას გააჩნია და რომელიც ერთადერთია რეგიონში.
„ამჯერად ჩვენ გვსტუმრობს ყირგიზეთის ეროვნული ბანკი, მისი თავმჯდომარის ტოლკუნბეკ აბდიგულოვის მეთაურობით, იმ პროგრესის და რეფორმის გასაცნობად, რომელიც ჩვენ გავიარეთ და გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირაში მზად იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძალიან ფართო დასკვნა, რომელმაც შეაფასა მთლიანად ეროვნული ბანკის მუშაობა, ეს დასკვნა 2006 წლის შემდეგ იქნება პირველი და ეს იქნება კიდევ ერთი აღიარება იმ პროგრესისა, რომელსაც მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი არის ძალიან გამართული და მოწინავე სტანდარტებზე აწყობილი სტრუქტურა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემების, შიდა აუდიტის, უსაფრთხოებისა და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. დელეგაცია თბილისს ხვალ დატოვებს.